ქობულეთში რევაზ ჩელებაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა #1TVSPORT
ქობულეთში რევაზ ჩელებაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა #1TVSPORT

ქობულეთში ქართული ფეხბურთის ერთ-ერთი გამორჩეული მოთამაშის, რევაზ ჩელებაძის სახელობის საფეხბურთო აკადემია გაიხსნა – ინფორმაციას „ჩელეს აკადემიის“ ვებგვერდი ავრცელებს.

რევაზ ჩელებაძის სახელობის საფეხბურთო აკადემიამ პირველი მარტიდან ასაკობრივ გუნდებში (6 წლიდან 13 წლამდე) ფეხბურთელების მიღება და შერჩევა დაიწყო.

„ბავშვების აღზრდაში მონაწილეობას მიიღებენ ლიცენზირებული მწვრთნელები, აკადემია აღსაზრდელებს სთავაზობს გამართულ ინფრასტრუქტურას, საფეხბურთო გარემოსა და სერტიფიცირებული მენეჯერების მომსახურებას.

ჩვენთვის ფეხბურთი მხოლოდ სპორტი არასდროს ყოფილა, ის ყოველთვის ცხოვრების მეგზური, არჩევანი და პროფესია იყო, რომელიც ახლა გვინდა, ბავშვებსაც შევაყვაროთ. „ჩელეს აკადემიაში“ სოციალურად დაუცველი ბავშვები გადასახადისგან გათავისუფლდებიან, ნიჭიერი აღსაზრდელები კი კვალიფიკაციის ასამაღლებლად უცხოურ კლუბებში გაემგზავრებიან“, – წერია „ჩელეს აკადემიის“ განცხადებაში.

აკადემია ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ გაიხსნა (დავით აღმაშენებლის ქუჩა, 49), სადაც „შუქურა“ თამაშობდა, მაგრამ ფინანსური პრობლემების გამო გუნდი ეროვნული ლიგიდან საქართველოს ჩემპიონატის ყველაზე დაბალ, მეხუთე ლიგაში დააქვეითეს და, სავარაუდოდ, ახალი სეზონიდან ახალი სახელით დაბრუნდება.