ქობულეთის „შუქურა“ მწვრთნელს დაემშვიდობა - გუნდი საშინაო მატჩებს ისევ თბილისში გამართავს #1TVSPORT
ეროვნული ლიგის აუტსაიდერი ქობულეთის „შუქურა“ მთავარ მწვრთნელს, ლევან ჯოხაძეს დაემშვიდობა – ინფორმაციას კლუბის პრესსამსახური ავრცელებს.
„ურთიერთშეთანხმების საფუძველზე „შუქურასა“ და ლევან ჯოხაძეს შორის თანამშრომლობა შეწყდა. გუნდი ასევე დატოვეს მთავარი მწვრთნელის ასისტენტმა, ირაკლი ძარიამ და მეკარეების მწვრთნელმა, ალექსანდრე აბრამიშვილმა.
„მადლობას ვუხდით მათ გუნდში გაწეული საქმიანობისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალში. ეროვნული ლიგის შემდეგი ტურის მატჩისთვის გუნდს „შუქურა 2“-ის მთავარი მწვრთნელი მარეკ შეველიოვი მოამზადებს. ახალი მთავარი მწვრთნელის ვინაობას უახლოეს პერიოდში გაცნობებთ“, – წერია კლუბის განცხადებაში.
„შუქურა“ ლევან ჯოხაძემ 3 ივლისს, კლუბიდან წასული უჩა სოსიაშვილის ნაცვლად ჩაიბარა. ამ დროს გუნდი ცხრა მოთამაშემ დატოვა: „შუქურას“ კაპიტანმა, მიშიკო სარდალიშვილმა, ცოტნე ფაცაციამ, რომან ჩაჩუამ, ნიკოლოზ ბაშელეიშვილმა, ალექსანდრე ანდრონიკაშვილმა, ბანტუ მზვაკალმა, ლევან ქურდაძემ, კუროკი კოკენმა, სანდრო გელაშვილმა.
ბოლო ტურის შეხვედრა ქობულეთელებმა გორის „დილასთან“ 1:5 დათმეს და შვიდი ქულით ბოლო ადგილზე არიან.
მიმდინარეობდა მოლაპარაკება და კლუბის ხელმძღვანელობა იმედოვნებდა, რომ გუნდი საშინაო შეხვედრებს ქობულეთში, ახლადაშენებულ საფეხბურთო ცენტრში ჩაატარებდა, მაგრამ დღემდე თბილისში თამაშობს. 2️ სექტემბერს „შუქურა“ „დინამო თბილისთანაც“ თბილისში, „ილია კოკაია არენაზე“ ითამაშებს.