ქობულეთის „ჩელე არენა“ ლონდონის „არსენალის“ კემპს უმასპინძლებს #1TVSPORT
ქობულეთის მთავარ სტადიონზე, „ჩელე არენაზე“ ლონდონის „არსენალის“ საზაფხულო კემპი გაიმართება, – ინფორმაციას „ჩელე აკადემია“ ავრცელებს.
რევაზ ჩელებაძის სახელობის სტადიონი წელს განახლდა – მოეწყო ოთხი ხელოვნურსაფარიანი მოედანი, სადაც ბავშვები უკვე ვარჯიშობენ. მეორე ეტაპზე დაგეგმილია ტრიბუნების აშენება.
„ჩელე აკადემიის“ ცნობით, ლონდონის „არსენალის“ აკადემიის მწვრთნელები 6-დან 14 წლამდე ასაკის ბავშვებისთვის ხუთდღიან მასტერკლასებს ჩაატარებენ. მონაწილეობის მიღება საქართველოს ნებისმიერი რეგიონის ბავშვებს შეუძლიათ.
„მცირე პაუზის შემდეგ „არსენალის“ კემპი საქართველოში ბრუნდება. ბავშვებს ამჯერად ქობულეთში, „ჩელე არენაზე“ 25-30 აგვისტოს ვუმასპინძლებთ. კემპში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ 6-დან 14 წლამდე ბიჭებსა და გოგონებს. სავარჯიშო პროცესი სრულად „არსენალის“ მეთოდოლოგიით წარიმართება“, – წერია ორგანიზატორის, Arsenal FD – Georgia-ს განცხადებაში.