ქინქლაძე ჩვენი დროის მესი იყო - ბერძენმა მწვრთნელმა ქართველი ვარსკვლავი გაიხსენა
„ის წარმოუდგენლად დიდი ფეხბურთელი იყო. ვიტყვი, რომ „ანორთოსისში“ ნამდვილი მესი გვყავდა,“ – ასე გაიხსენა ბერძენმა ფეხბურთელმა, ამჟამად კი მწვრთნელმა სავას პურსაიტიდისმა საქართველოს ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი გიორგი ქინქლაძე.
კვიპროსულ რადიო „სპორტ ფმ“-ზე კვიპროსის ნაკრებისა და ფამაგუსტას „ანორთოსისის“ ყოფილმა მცველმა გიორგი ქინქლაძე ყოფილი თანაგუნდელებიდან საუკეთესოდ დაასახელა და არგენტინის ნაკრებისა და „ბარსელონას“ ლიდერს, ლიონელ მესის შეადარა:
„გამიმართლა, რომ მასთან ერთად ვითამაშე. თემურ ქეცბაიამ კვიპროსში რომ ჩამოიყვანა, უთამაშებელი და წონაში 10 კილოგრამზე მეტით მომატებულიც იყო. ამის მიუხედავად, მოედანზე ისეთ რაღაცებს აკეთებდა, დღემდე არ მავიწყდება. კვიპროსზე მცირე ხანს გაჩერდა. გუნდი ფორმის აღდგენაში, თავად კი გუნდს ჩემპიონობის მოპოვებაში დაეხმარა, მერე მის ტრანსფერი დიდ თანხად რუსულმა კლუბმა („რუბინმა“) გამოისყიდა და წავიდა. მას რომ დიდი ამბიცია და ქეცბაიას შრომისმოყვარეობა ჰქონოდა, ვფიქრობ, რომ „ბარსელონაში“ ითამაშებდა. ქინქლაძე ზუსტად იმას აკეთებდა, რაც ახლა – მესი. მათ ერთი და იგივე სტილი აქვთ,“ – ამბობს სავას პურსაიტიდისი.
პირეოსის „ოლიმპიაკოსის“ ყოფილი მცველი 2002-2012 წლებში კვიპროსში თამაშობდა და ფამაგუსტას „ანორთოსისში“ გიორგი ქინქლაძის თანაგუნდელი იყო. მან კვიპროსის მოქალაქეობა მიიღო და ქვეყნის ეროვნულ ნაკრებში ითამაშა. კარიერის შემდეგ მწვრთნელობა დაიწყო და 2017-2020 წლებში „ნეა სალამინას“ ავარჯიშებდა. გიორგი ქინქლაძის გვერდით „ანორთოსისში” 2004-2005 წლებში თამაშობდა.