ქეთი ხუციშვილი - სიუჟეტში დასავლური ინსტიტუტის კრიტიკა არის, თუმცა ეს პრორუსულობას არ გულისხმობს
ქეთი ხუციშვილი - სიუჟეტში დასავლური ინსტიტუტის კრიტიკა არის, თუმცა ეს პრორუსულობას არ გულისხმობს

თქვენი გადაცემა ნამდვილად არ იყო ანტიევროპული, ან ანტიდასავლური, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

„რა თქმა უნდა, თქვენ გადაცემაში რაოდენობრივად რომ დავთვალოთ, ის იყო უარყოფითად ნახსენები. ეს არ ნიშნავს, რომ ამაზე ევროპელები არ ლაპარაკობენ. თუ სტატისტიკურად მივუდგებით რაღაცას, მაშინ მართლა ყველა ინსტიტუტი უარყოფითად იყო მოხსენიებული. ამავე დროს, ჩვენ კარგად ვიცით, რომ მოაზროვნე ევროპელები დღეს ფიქრობენ, რომ ბევრი რამ იყო მიუღებელი“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ამ განცხადებით ქეთი ხუციშვილმა პირველი არხის ანალიტიკოსის, მათე გაბიცინაშვილის შეკითხვას უპასუხა, რა იქნება მისი პასუხი, თუ მისი რეპუტაცია და ღირსება ისევე არაკომპეტენტურად შეილახება, როგორც მის შემთხვევაში მოხდა, რადგან ვიღაც ადამიანები, რომლებიც საკითხის გაგებაში არ არიან, მის მოსაზრებას რუსულ პროპაგანდას ადარებენ და არხის რეპუტაციას ლახავენ. გაბიცინაშვილის თქმით, მის მიერ მომზადებული სიუჟეტი 9 მაისს, ევროპის დღესთან დაკავშირებით, ევროკავშირის ისტორიის შექმნის შესახებ ინფორმაციის შექმნას ემსახურებოდა. მისი განმარტებით, სიუჟეტის პათოსი იყო ის, თუ რა კარგია ევროკავშირი და ის იდეები, რაზეც ევროკავშირი დაფუძნდა, მაგრამ დღეს გარკვეული კრიზისია და ამ ყველაფერს თავისი სტრუქტურული მიზეზები აქვს. როგორც ანალიტიკოსმა აღნიშნა, კვლევის ავტორმა ვერ გაიგო, რომ ის სიუჟეტში საბერძნეთის 2008 წლის კრიზისზე არ საუბრობს.

ქეთი ხუციშვილმა მათე გაბიცინაშვილის შენიშვნასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ ის ამაში ტრაგედიას ვერ ხედავს. 

„მე ამაში ტრაგედიას ვერ ვხედავ, მით უფრო, რომ თქვენ ყველაფერი გადააკავშირეთ, ეს კი ასე არ არის. თქვენ შემთხვევაში თქვეს, რომ ეს ის სიუჟეტია, სადაც ძალიან ბევრი დასავლური ინსტიტუტის კრიტიკა არის და მოდით ვთქვათ, არის. თუმცა, ეს პრორუსულობას არ გულისხმობს“, – განაცხადა ხუციშვილმა.

ხუციშვილის თქმით, თავად მან აღიარა, რომ მათე გაბიცინაშვილის გადაცემები მართლაც პროევროპული იყო.

მათე გაბიცინაშვილმა აქვე აღნიშნა, რომ სამწუხაროა, როცა ამხელა კომპეტენციის მქონე ორგანიზაციის, ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ ლოგო დევს აბსოლუტურად არაკომპეტენტური და საკითხში აბსოლუტურად ჩაუხედავი ადამიანების რაღაც ტიპის კვლევაზე, რომელიც დეზინფორმაციაა.

პირველი არხის ანალიტიკოსის, ტატო ხუნდაძის შეფასებით კი, ევროპის კრიტიკა ევროპის შიგნით დაიბადა, ეს მისაღებია და ევროპას თვითონ ევროპელები აკრიტიკებენ, საზოგადოებრივი მაუწყებელი კი ვალდებულია, საზოგადოებას ინფორმაცია მიაწოდოს მათ შორის, ევროპის შესახებ. მისივე თქმით, ის, რაც ახლა მაუწყებლის გადაცემების მიმართ ხდება, ძალიან ბინძური მეთოდია და საბჭოთა მეთოდებს აგონებს, რადგან ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებსაც მომავალი წინ აქვთ, პირდაპირ აბრალებენ, რომ ისინი რუსულ პროპაგანდას ეწევიან. ანალიტიკოსის შეფასებით, საერთო ჯამში ამ ყველაფრით ასოციაციურად კეთდება მინიშნება, რომ საზოგადოებრივი მაუწყებელი რუსული პროპაგანდითაა დაკავებული.

ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ მას ეს ამგვარად არ დაუნახავს.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.