ქეთი ხუციშვილი - პირდაპირ გინდათ, ანათემას გადაგვცეთ, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება
ქეთი ხუციშვილი - პირდაპირ გინდათ, ანათემას გადაგვცეთ, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება

თქვენ ჩათვალეთ, რომ ისინი პრორუსებად გაცხადებენ და პირდაპირ გინდათ, რომ ანათემას გადაგვცეთ, მაგრამ ასეთი რამ არ მოხდება, – ამის შესახებ ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ აღმასრულებელმა დირექტორმა, ქეთი ხუციშვილმა პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.

ამ განცხადებით ქეთი ხუციშვილი გადაცემა „თავისუფალი ხედვის“ წამყვანსა და პირველი არხის ანალიტიკოსებს, მათე გაბიცინაშვილსა და ტატო ხუნდაძეს უპასუხა, რომლებმაც ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიერ დაფინანსებული კვლევა შეაფასეს როგორც არაკომპეტენტური და მიკერძოებული.

გადაცემის წამყვანმა გიორგი გვიმრაძემ, ფონდის აღმასრულებელ დირექტორს მიმართა კითხვით, შეიძლება თუ არა, შოთა თხელიძეს ისიც დავაბრალოთ, რომ მას „ჰესბოლა” მოსწონს და რაში მდგომარეობს პრორუსული ნარატივი თხელიძის სიუჟეტიდან მოყვანილ ციტატაში, რომელიც კვლევაში მოხვდა. ხუნდაძის თქმით, ის ყველაფერი, რაც ციტატაშია, ერაყიდან აშშ-ის გასვლის შემდეგ ირანმა მოიპოვა, როგორც თავისუფალი ნიშა და ამ ციტატაში არ არის საუბარი, ეს კარგია თუ ცუდი.

წამყვანის შეკითხვის პასუხად, ქეთი ხუციშვილმა აღნიშნა, რომ კვლევიდან ეს მომენტი არ ახსოვს.

„შემახსენეთ, რა კონტექსტში იყო. ახლა ასე ზუსტად არ მახსოვს, მაგრამ იქამდე იყო, რომ ეს აღარ მოხდებაო, იმიტომ, რომ აწი ის ვეღარ დაბომბავსო. სიუჟეტში რაღაც მაგდაგვარი ხომ იყო?! კარგად ნახეთ. იმიტომ, რომ იქ ასე იყო, დასავლეთმა უკვე ამოწურა ყველა რესურსი, ვეღარაფერს ვეღარ მოუხერხებს და ამიტომ, მესამე ომიც აღარ იქნებაო. მე განა რამეს ვაბრალებ?! ასე არ გამომივიდეს. მას უფლება აქვს, ასეთი აზრი ჰქონდეს“, – განაცხადა ხუციშვილმა. 

ამ შეფასებასთან დაკავშირებით გიორგი გვიმრაძემ განაცხადა, რომ რა თქმა უნდა, შოთა თხელიძეს ამის უფლება აქვს და პირველ რიგში, აქვს უფლება, კლიშედადებული არ იყოს, რომ პრორუსია. ტელეწამყვანის თქმით, თხელიძის პრორუსულად კლიშირება ნამდვილად ანტიდასავლური, ანტიევროპული მოვლენაა.

პირველი არხის ანალიტიკოსმა, მათე გაბიცინაშვილმა ფონდ „ღია საზოგადოება – საქართველოს“ მიმართ პატივისცემა გამოხატა და ქეთი ხუციშვილს რეკომენდაცია მისცა, რომ შემდგომში, ფონდმა კვლევა ისეთ ადამიანებს დაუკვეთოს, რომლებიც საკითხის ირგვლივ ელემენტარულ რაღაცებში ერკვევიან.

ანალიტიკოსმა, ტატო ხუნდაძემ კი აღნიშნა, რომ საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესაბამის საელჩოს უკვე მიმართა და აპირებს, ეს საკითხი ასე არ დატოვოს, რადგან ადამიანების ასე კლიშირება უბრალოდ, არ შეიძლება და მაუწყებელი მათ შორის აპირებს, წერილები გააგზავნოს საერთაშორისო მისიებსა და ფონდის ცენტრალურ ოფისში, ბუდაპეშტში.

საუბარია კვლევაზე „საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის საკითხებზე უმცირესობებით დასახლებული რეგიონების ინფორმირება“. კვლევის ავტორია „მედიის განვითარების ფონდი“, ხოლო დამფინანსებელი – „ღია საზოგადოების ფონდი“ (ფონდი „ღია საზოგადოება-საქართველო“). კვლევის შესახებ იხილეთ „მოამბის“ სიუჟეტი.