ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან განიხილა
ქეთევან ციხელაშვილმა საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან განიხილა

შერიგებისა და სამოქალქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი ქეთევან ციხელაშვილი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდინავს შეხვედრა.

სახელმწიფო მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციით, კოპენჰაგენში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანთან შეხვედრის მთავარ თემას ცხინვალის რეგიონში არსებული ვითარება, გადაადგილების შეზღუდვა და უკანონოდ დაკავებული ვაჟა გაფრინდაშვილის საკითხი წარმოადგენდა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის გენერალურ მდივანს რობერტო მონტელას ცხინვალისა რეგიონში შექმნილი კრიზისული ვითარება დეტალურად გააცნო.

„საუბრის მთავარი თემა ცხადია იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული მდგომარეობა. დეტალურად განვიხილეთ ცხინვალის რეგიონში შექმნილი მდგომარეობა, ორ თვეზე მეტია, მიმოსვლა ჩაკეტილია, რაც ადამიანებს ფაქტობრივად კრიზისულ სიტუაციაში აგდებს პროდუქტების, მედიკამენტებისა და გადაადგილების აუცილებლობის თვალსაზრისით. ეს ეხებათ პირველ რიგში ახალგორელ ქართველებს, თუმცა ასევე ოსებს, რადგან ეს შეზღუდვა მთლიანად რეგიონს აქცევს სრულ იზოლაციაში. შეხვედრაზე აღინიშნა, რომ ეს ცდება ჰუმანურობასა და ჰუმანიტარულ პრინციპებს. საერთაშორისო თანამეგობრობა და ცხადია, ჩვენი პარტნიორებიც ეუთო-ში სრულიად ერთსულოვანნი არიან. ვისაუბრეთ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებაზეც, რომელიც გარდა იმისა, რომ უკანონოა, რაციონალიზმისა და ჰუმანიზმის პრინციპებს სცდება. როდესაც ექიმის დაკავება ხდება, ასეთი ხელოვნური მიზეზებითა და ბრალდებებით, ცხადია, ჩვენი მცდელობა, ნაბიჯები მიმართულია მისი დაუყოვნებლივი გათავისუფლებისკენ“, – აღნიშნა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს, რამდენიმე დღის წინ დააკავეს. ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.

დატოვე კომენტარი