ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა დასრულდეს როგორც უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა, ისე ოკუპაციის სხვა გამოხატულებები​
ქეთევან ციხელაშვილი - საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა დასრულდეს როგორც უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა, ისე ოკუპაციის სხვა გამოხატულებები​

საქართველოს ხელისუფლება აკეთებს ყველაფერს, რათა დასრულდეს როგორც უკანონო დაკავებების მანკიერი პრაქტიკა, ისე ოკუპაციის სხვა გამოხატულებები, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, მნიშვნელოვანია, რომ საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებული ხუთი ახალგაზრდის გათავისუფლება მოხდა უკანონო პატიმრობიდან.

„თავისთავად ფაქტი არის მორიგი პროვოკაცია და ყველა უკანონო დაკავება ჩვენი მოქალაქეების, რომელსაც ადგილი აქვს 10 წლის განმავლობაში, თავისთავად არის საოკუპაციო პოლიტიკის რეალური სახის გამოხატულება. ახალგაზრდები, რომლებიც იმყოფებოდნენ თრუსოს ხეობაში, შემდეგ დაკავებულ იქნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სავარაუდოდ ჯავის რაიონში, დადგინდება ზუსტი გარემოებები ცხადია, მაგრამ რა წერტილშიც არ უნდა ხდებოდეს ადამიანების დაკავება, იქნება ეს ოკუპირებული ტერიტორია, რომელსაც დღეს სრულიად უკანონოდ აკონტროლებს რუსული ჯარი, იქნება ეს წერტილი თუ ნებისმიერი სხვა წერტილი ოკუპირებულ ტერიტორიაზე, არის თანაბრად მიუღებელი“, – აღნიშმნა ციხელაშვილმა.​

მისივე თქმით, მსგავსი თითოეული ფაქტი არის საყურადღებო.

„რეაგირების მექანიზმები არის შემდგომი: პირველი, ყოველთვის არის ოპერატიული რეაგირება, მათ შორის ცხელი ხაზის მეშვეობით, რომ დაკავებული პირების დროული და უვნებელი გათავისუფლება იქნას მიღწეული; მეორე, მნიშვნელოვანია ამის შესახებ ინფორმირებული იყოს ყველა შესაბამისი აქტორი, ჩვენი პარტნიორები, ჟენევის თანათავმჯდომარეები, ის ადამიანები და ორგანიზაციები, რომლებიც ჩართულნი არიან, როგორც ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში, ისე ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების შეხვედრებში. რა თქმა უნდა, პოლიტიკური შეფასებები და ის ძალისხმევა, რაც არის პრევენციაზე მიმართული, მთელი ეს სპექტრი ინსტრუმენტებისა ამჯერადაც ჩართული გახლავთ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

საქართველოს სახელმწიფო მინისტრის თქმით, საქართველოს ხელისუფლების მხრიდან ყველა მექანიზმი ამოქმედებულია. ქეთევან ციხელაშვილმა საერთაშორისო საზოგადოების მხარდაჭერაზე გაამახვილა ყურადღება.

„საქართველოს ხელისუფლება აკეთებს აბსოლუტურად ყველაფერს, რომ როგორც ეს მანკიერი პრაქტიკა უკანონო დაკავებების, ისე ოკუპაციის სხვა გამოხატულებები – ბანერების აღმართვა, სამხედრო წვრთნები თუ სხვა, დასრულდეს. ჩვენთან ერთად არის მთელი საერთაშორისო თანამეგობრობა და თქვენ არაერთი განცხადება მოისმინეთ, მათ შორის სწორედ აგვისტოს ომის 10 წლისთავზე, რომ უნდა დასრულდეს ეს მძიმე პრაქტიკა. ამიტომ ჩვენი მხრიდან ყველა ინსტრუმენტი გახლავთ ამოქმედებული. რა თქმა უნდა, გაღიზიანებას იწვევს, რომ რუსეთი მაინც აგრძელებს ტერიტორიების ოკუპაციას და მაინც აგრძელებს ამ მანკიერ პრაქტიკას. ჩვენ ვიქნებით ძალიან ყურადღებიანი ნებისმიერ ფაქტზე, ვიდრე თუნდაც ერთ ადამიანს მაინც დააკავებენ“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

თრუსოს ხეობასთან საოკუპაციო რეჟიმის მიერ ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით დაკავებული ხუთი ახალგაზრდა გათავისუფლებულია. ისინი ე.წ. საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით, რუსმა სამხედროებმა რამდენიმე დღის წინ დააკავეს.