ქეთევან ციხელაშვილი - რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებულების და მსჯავრდებულების შეყვანა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში, მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა
ქეთევან ციხელაშვილი - რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებულების და მსჯავრდებულების შეყვანა ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სიაში, მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა

ტატუნაშვილი-ოთხოზორიას სია არ არის დაკომპლექტებული რომელიმე პირის მიერ, ეს არის დაკომპლექტებული სამართალდამცველების მიერ, იმ პრინციპით, რომელიც გათვალისწინებულია შესაბამის რეზოლუციაში, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფოს მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა ჟურნალისტებს „ტატანუშვილი-ოთხოზორიას სიაში“ შეყვანილი პირების შესაძლო გარდაცვალებასთან დაკავშირებით კითხვაზე განუცხადა.

მისი თქმით, რეზოლუციამ გაითვალისწინა სიაში ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირების შეყვანა. მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა კი, საქმის დახურვის საშუალებას არ იძლევა.

„მოგეხსენებათ, რეზოლუციამ გაითვალისწინა ბრალდებული თუ მსჯავრდებული პირების შეყვანა ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიაში. მათი გარდაცვალების შესახებ ცნობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ საქმე დაიხუროს. სია არის ღია. შესაძლებელია, გამოძიების ფარგლებში ვინმე დაემატოს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

დადგენილების პროექტი – „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის“ შესახებ საქართველოს მთავრობამ გუშინ დაამტკიცა და პარლამენტს გადაუგზავნა. სიაში ამ ეტაპზე 33 პირია შეყვანილი.

ამასთან, როგორც დღეს, „ევროპული საქართველოს“ წევრმა, სერგი კაპანაძემ განაცხადა, „ოთხოზორია-ტატუნაშვილის“ სიაში რუსეთის ფედერაციის არც ერთი მოქალაქე არ მოხვდა, ასევე მისი თქმით, სიაში გარდაცვლილი ადამიანები არიან შეყვანილი.