ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკას აფხაზების, ოსებისა და ქართველების ინტერესებთან საერთო არ აქვს
ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკას აფხაზების, ოსებისა და ქართველების ინტერესებთან საერთო არ აქვს

ოკუპირებულ ტერიტორიებზე რუსეთის პოლიტიკას არაფერი აქვს საერთო არც აფხაზების, არც ოსების და არც ქართველების ინტერესებთან, – ასე ეხმაურება საქართველოს სახელმწიფო მინისტრი შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში ქეთევან ციხელაშვილი ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო ლიდერს, რაულ ხაჯიმბასა და ვლადიმერ პუტინს შორის სოჭში გამართულ შეხვედრას.

„ზოგადად, მსგავსი ტიპის შეხვედრები არ არის იშვიათი, არ არის პირველი და, რა თქმა უნდა, სრულიად არალეგიტიმურია მისი ხასიათიდან გამომდინარე. რეალურად, რასაც მხარეები უწოდებენ მეკავშირეობას და სტრატეგიულ პარტნიორობას, ეს იმ რუსული ენიდან ითარგმნება, რომ ეს არის მათთვის მნიშვნელოვანი სამხედრო პლაცდარმი და რუსიფიკაციის პოლიტიკა გრძელდება.

ის, რომ ეს რეგიონები ძალიან მძიმე ეკონომიკური და სოციალურ მდგომარეობაში არიან, ეს არის ფაქტი და მოცემულობა წლების განმავლობაში. ეს არის მოსახლეობის წუხილი სხვათა შორის ასევე განურჩევლად ეთნიკური წარმომავლობისა. ისინი დღეს იმყოფებიან მავთულხლართებით იზოლაციაში.

ძალიან რთულია, იმსჯელო ზუსტად, რა კონკრეტულ საკითხებზე შეიძლება ყოფილიყო საუბარი, მაგრამ ფაქტია ერთი, რომ პოლიტიკა, რომელსაც რუსეთი იქ ახორციელებს, არის რუსეთის მოკლევადიან სამხედრო თუ პოლიტიკურ-სტრატეგიულ ინტერესებზე გათვლილი და არაფერი აქვს საერთო არც აფხაზების, არც ოსების და არც ქართველების ინტერესებთან“,- განაცხადა ციხელაშვილმა.

სახელმწიფო მინისტრის თქმით, ხშირად რუსები დე ფაქტო ხელისუფლებების რომელიმე წარმომადგენლის სახელით ავრცელებენ გარკვეულ პოზიციებს, რომლებიც გეოპოლიტიკურ საკითხს უკავშირდება და რომელიც, ციხელაშვილის თქმით, სიმართლეს არ შეესაბამება.

„ჩვენ ხშირად ვართ მომსწრე, როდესაც რუსები დე ფაქტო ხელისუფლებების რომელიმე წარმომადგენლის პირით ავრცელებენ გარკვეულ პოზიციებს, რომლებიც გეოპოლიტიკურ საკითხს უკავშირდება. ბოლო ასეთი განცხადება იყო, თითქოს გარკვეული საფრთხე არის საქართველოს ნატო-სთან თანამშრომლობის გაღრმავებასთან დაკავშირებული, რაც, რა თქმა უნდა, სიმართლეს არ შეესაბამება.

ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ საქართველოს ევროატლანტიკური კურსი არავის წინააღმდეგ არ გახლავთ მიმართული და თუ რაიმეს შეშფოთების საფუძველი აქვთ ამ რეგიონში მცხოვრებლებს, ეს არის სწორედ რუსული მზარდი სამხედრო სიმძლავრეები, 130-ზე მეტი სამხედრო წვრთნა და მანევრი, რასაც წელიწადში ატარებენ და ის პოლიტიკა, რომელიც სრულიად უკეთებს იგნორირებას მოსახლეობის სოციალურ, ეკონომიკურ თუ ჰუმანიტარულ ინტერესებს“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.