ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება
ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება

მოლოდინი მაქვს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება, – ამის შესახებ შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა ქეთევან ციხელაშვილმა ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის, ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალებაზე პარლამენტში განაცხადა.

მისი თქმით, თუ არსებობს მომხდარის ამსახველი კადრები, რაზეც ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრი დაურ კოვემ ისაუბრა, ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. ქეთევან ციხელაშვილი იმედოვნებს, რომ გარემოებების დადგენაზე ინფორმაცია მაქსიმალურად გაიცვლება.

„ტრაგიკული ფაქტის შესახებ ინფორმაცია სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში გუშინ ცხელი ხაზის მეშვეობით შემოვიდა. ამ ინფორმაციის თანახმად, ადგილი თვითმკვლელობას ჰქონდა. სანამ ჩვენს ხელთ არ იქნება მეტი დეტალი და მასალა, რათა უფრო დაზუსტებულ გარემოებებზე ვისაუბრო, ცხადია, ამას ვერ გავაკეთებ. მიმდინარეობს მუშაობა შესაბამისი უწყებების მხრიდან, რომ სწორედ ეს გარემოებები გამოვლინდეს. სოხუმში საქართველოში მყოფი ჟენევის თანათავმჯდომარეები გაემგზავრნენ, რომელთანაც კომუნიკაცია გვქონდა. მათ კონკრეტული კითხვები და მოთხოვნები ექნებათ.

მოლოდინი მაქვს, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედრის გადმოსვენება უახლოეს პერიოდში მოხდება. ამისთვის ყველა მობილიზებული ვართ, მნიშვნელოვანი იქნება, პროცესი სწრაფად წარიმართოს როგორც ექსპერტიზის თვალსაზრისით, ასევე ჰუმანიტარული კუთხით. რაზეც თავად საუბრობდნენ, სხვა დამადასტურებელი მასალა, კადრების არსებობის შემთხვევაში ისინი ჩვენთვის ხელმისაწვდომი უნდა გახდეს. იმედს გამოვთქვამ, გარემოებების დადგენაზე ინფორმაცია მაქსიმალურად გაიცვლება. ჩატარდება ექსპერტიზა“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

ოკუპირებულ გალის რაიონში დე ფაქტო ხელისუფლების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქის,  ირაკლი კვარაცხელიას გარდაცვალების შესახებ ინფორმაცია საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გუშინ გაავრცელა. მომხდარზე განცხადება უკვე გააკეთა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, რომელმაც აღნიშნა: „ოკუპირებულ გალის რაიონში მომხდარი ტრაგედია ჩვენი ქვეყნისთვის იმ მძიმე და რთული ვითარების გაგრძელებაა, რომელსაც ვერ შევეგუებით“. ამასთან, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განაცხადა, რომ გალში საქართველოს მოქალაქის გარდაცვალების ფაქტზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება.

პირველ არხთან საუბრისას ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა მინისტრმა დაურ კოვემ განაცხადა, რომ ირაკლი კვარაცხელიას ცხედარს ახლობლებს დღეს გადასცემენ.