ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპაციას ყველაზე ქმედით პასუხს ჩვენი სწრაფი პროგრესით გავცემთ
ქეთევან ციხელაშვილი - ოკუპაციას ყველაზე ქმედით პასუხს ჩვენი სწრაფი პროგრესით გავცემთ

საქართველოს ტერიტორიების მეტრობით დაჩეხვისას პროვოკაციული მოქმედებების მიზანი საზოგადოებაში უიმედობის, ესკალაციის, დესტაბილიზაციის წარმოქმნის სურვილია და ეს არ უნდა დავუშვათ, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა სოფელ ატოცში განვითარებულ მოვლენებზე საუბრისას.

მინისტრის შეფასებით, მუდმივი პროვოკაციები საოკუპაციო ძალების მხრიდან დაძაბულობის შექმნაზეა გათვლილი.

„მუდმივი პროვოკაციები და ასეთი ეპიზოდები, როგორც ჩანს, გათვლილია იმაზე, რომ დაძაბულობა შეიქმნას და კალაპოტიდან ამოვვარდეთ. ამიტომ საპირისპირო უნდა გავაკეთოთ. თითოეულ ამ ეპიზოდზე რეაგირება და დეესკალაცია უნდა მოვახდინოთ, რაც პირველი რეაქცია და მთავარი ამოცანა იყო. ამის პარალელურად, ჩვენი განვითარების კურსი არ უნდა შევაფერხოთ, არცერთი წუთით არ გადავუხვიოთ დემოკრატიული რეფორმებისა და ეკონომიკური გაძლიერების კურსიდან, რომელიც ქვეყანას აქვს. ყველა საერთაშორისო ფორუმზე, მათ შორის წინა კვირაში და მომავალშიც, ყველგან აღვნიშნავ, რომ საქართველო არ არის ნეიტრალურ გარემოში და ქვეყნის განვითარება და რეფორმების ძალიან ამბიციური დღის წესრიგის განხორციელება ჩვეულებრივ გარემოში არ გვიწევს. ჩვენ ამ ყველაფრის კეთება არაჩვეულებრივ და სამწუხაროდ,  არანორმალურ გარემოში, მიმდინარე ოკუპაციის ფონზე გვიწევს“, – აღნიშნა ციხელაშვილმა.

მისი თქმით, სწორედ ამიტომ უნდა გაძლიერდეს ქვეყანა და მოსახლეობა, რომელიც ზარალდება, მათ შორის ატოცშიც.

„სახელმწიფო აქცევს და კიდევ უფრო მეტ ყურადღებას მიაქცევს როგორც ატოცს, ისე ნებისმიერ სოფელს, რომელიც არის მავთულხლართებით დახლეჩილი და დასერილი. ამ ხალხს გავაძლიერებთ, დევნილებს, კონფლიქტით დაზარალებულებს. ჩვენი სწრაფი პროგრესით გავცემთ ყველაზე ქმედით პასუხს ოკუპაციას. თუ რამე მიზნად აქვს პროვოკაციულ მოქმედებებს, საქართველოს ტერიტორიების მეტრობით დაჩეხვისას, ეს არის საზოგადოებაში უიმედობის, ესკალაციის, დესტაბილიზაციის წარმოქმნის სურვილი და ეს არ უნდა დავუშვათ. შეიძლება ეს მავანს არ ესმის ან ესმის და მაინც საქმისკენ გვიკიჟინებს, ამას არ გააკეთებს საქართველოს ხელისუფლება“, – განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრს პარლამენტის კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე დახურულ რეჟიმში უსმენენ.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, 19 ოქტომბერს კი, ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.

ამასთან, საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ.

დატოვე კომენტარი