საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები არ განუახლებიათ
საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან სამუშაოები არ განუახლებიათ

საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებს სოფელ ატოცთან, საოკუპაციო ხაზთან, სამუშაოები დღეს არ განუახლებიათ. ამის შესახებ საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება.

ადგილზე, უსაფრთხოების მიზნით, რჩებიან ქართველი სამართალდამცველები.

საოკუპაციო ხაზთან თერთმეტი თვის წინ დამონტაჟებულ რკინის ბოძებზე მავთულები რუსმა სამხედროებმა ორი დღის წინ გაავლეს. რკინის, ე.წ. გამყოფი, ბარიერი დაახლოებით 350 მეტრის სიგრძეზეა გავლებული.

სოფელ ატოცის ტერიტორიაზე 150-მდე ძელი საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებმა დაახლოებით ერთი წლის წინ დაამონტაჟეს, ორი დღის წინ კი ღობის გავლება დაიწყეს. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის ინფორმაციით, ფაქტზე ინფორმირებულია საერთაშორისო თანამეგობრობა, გააქტიურებულია ცხელი ხაზიც.