ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ყველა გარემოება დადგინდეს
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, ტატუნაშვილის სიცოცხლის ხელყოფის საქმის ყველა გარემოება დადგინდეს

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, ქეთევან ციხელაშვილის განცხადებით, არჩილ ტატუნაშვილის საქმეში უცხოელი ექსპერტების ჩართვის აუცილებლობა ექსპერტიზის შედეგების გამოქვეყნების შემდეგ გახდება ცნობილი.

როგორც ციხელაშვილმა აღნიშნა, თუ უცხოელი ექსპერტების მონაწილეობა აუცილებელი გახდება, სახელმწიფო, ბუნებრივია, ამას უზრუნველყოფს.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ამ გამოძიების საფუძველზე, მაქსიმალურად დადგინდეს ყველა გარემოება, რაშიც ეს უდიდესი ტრაგედია, ახალგაზრდა კაცის სიცოცხლის ხელყოფა მოხდა. ბუნებრივია, ამ საქმეს მიეცემა ყველა მსვლელობა, როგორც პოლიტიკური, ისე სამართლებრივი“, – განაცხადა ციხელაშვილმა.

დღეს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში პირველ არხს განუცხადეს, რომ არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის. ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ კვლევა მიმდინარეობს.

დატოვე კომენტარი