არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის
არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის

არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილის მიზეზების დასადგენად ჩატარებული ექსპერტიზის პასუხი ცნობილი არ არის, – ამის შესახებ პირველ არხს ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში განუცხადეს.

ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში აცხადებენ, რომ კვლევა მიმდინარეობს.

„ჯერჯერობით ცნობილი არ არის, თუ როდის იქნება ექსპერტიზის შედეგები. ექსპერტიზას გონივრული ვადები აქვს და კვლევის სრულყოფილად დასრულებამდე გაგრძელდება“, – განაცხადა პირველ არხთან საუბრისას ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა ეკა ჭუმბურიძემ.

ფსიქო–რეაბილიტაციის ცენტრ „ემპათიაში“, რომელიც არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის ექსპერტიზის პროცესში ჩაერთო, აცხადებენ, რომ დასკვნის მოსამზადებლად მასალა არ მიუღიათ.

ცენტრის დირექტორმა, საერთაშორისო ექსპერტმა წამების დოკუმენტირების საკითხებში მარიამ ჯიშკარიანმა პირველ არხთან საუბრისას განაცხადა, რომ ექსპერტიზაში ჩართულ ცენტრის ექსპერტს ამ დრომდე არ მიუღია ლაბორატიული კვლევის შედეგები და არც რუსეთში ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნა.

„დასკვნის მოსამზადებლად მასალა არ მიგვიღია. არ გაგვაჩნია არანაირი მასალა დასკვნის მოსამზადებლად. მათ შორის არც ე.წ. რუსული დასკვნა“, – განაცხადა მარიამ ჯიშკარიანმა.

ჯიშკარიანი ამბობს, რომ სამხარაულის ექსპერტიზის ბიუროს მიმართეს, თუმცა მათგან მიღებული პასუხის მიხედვით, ამ ეტაპზე, ლაბორატორიული კვლევის შედეგები მზად არ არის.

„წინასწარი მონაცემებით, არჩილ ტატუნაშვილს სხეულზე აღენიშნება მრავლობითი დაზიანებები, რაც დიდი ალბათობით, წამების კვალზე მიუთითებს“, – ეს ინფორმაცია „ემპათიამ“ 21 მარტს ცენტრის ვებგვერდზე განათავსა. განცხადებაშია ნათქვამი იყო, რომ 2018 წლის 20-21 მარტს სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დეპარტამენტში ჩატარდა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა, რომელშიც წამების მსხვერპლთა რეაბილიტაციის ცენტრის სასამართლო სამედიცინო ექსპერტი ირაკლი თოიძე მონაწილეობდა. ცენტრის ექსპერტები მიიჩნევენ, რომ აუცილებელია, კომლექსურ-კომისური ექსპერტიზა საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად ჩატარდეს.

არჩილ ტატუნაშვილი ოკუპირებული ცხინვალიდან 2018 წლის 20 მარტს გადმოასვენეს.