ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს
ქეთევან ციხელაშვილი - ჩვენი ამოცანაა, არჩილ ტატუნაშვილის საქმის გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს

აბაშიძე-კარასინის შეხვედრის დროს, ცხადია, გვერდს ვერ აუვლიან არჩილ ტატუნაშვილის საქმეს, რადგან რუსეთის ფედერაცია ერთადერთი ქვეყანაა, რომლის პოლიტიკური პასუხისმგებლობა დგას ამ საქმეში, – ამის შესახებ ჟურნალისტებს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა განუცხადა.

მისივე თქმით, ახლა მთავარია, გამოძიების პროცესს ხელი არ შეეშალოს.

„ჩვენი ამოცანა ახლა გახლავთ ის, რომ უშუალოდ გამოძიება წარიმართოს და ამ პროცესს არ შეეშალოს ხელი. თქვენ იცით, რომ ინციდენტების პრევენციის ფორმატში ერგნეთში ეს საკითხი უკვე გახლდათ განხილული და ქართულმა მხარემ პუნქტობრივად გაიარა ყველა ის მოთხოვნა, გამოძიებისთვის რაც იქნება მნიშვნელოვანი, რომ გაერკვეს და ნათელი მოჰფინოს ამ გარემოებებს. ცხადია, ერთ-ერთი გზავნილი ისიც გახლავთ, რომ ამ პროცესს არ უნდა შეეშალოს ხელი, რათა კიდევ უფრო არ გართულდეს, არ დამძიმდეს ისედაც ყველაზე მძიმე მოცემულობა, რადგან ეს უკავშირდება ახლგაზრდა ადამიანის სიცოცხლის ხელყოფას უკანონო პატიმრობაში“, -განაცხადა ქეთევან ციხელაშვილმა.

რუსეთთან ურთიერთობების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის, ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე გრიგორი კარასინის შეხვედრა პრაღაში მიმდინარეობს.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე ზურაბ აბაშიძემ განაცხადა, კარასინთან შეხვედრაზე ხაზს გაუსვამს, რომ საქართველო გამოიყენებს ყველა ბერკეტს, რათა ტატუნაშვილისა და ოთხოზორიას საქმეებზე დამნაშავეები დაისაჯონ. გრიგორი კარასინის თქმით კი, არჩილ ტატუნაშვილის შემთხვევა ტრაგედიაა და მსგავსი სამწუხარო ფაქტები მომავალში აღარ უნდა განმეორდეს.