ქართველმა სამხედროებმა ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა
ქართველმა სამხედროებმა ვილნიუსში ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დაარსებიდან 100 წლისთავისადმი მიძღვნილ აღლუმში მიიღეს მონაწილეობა. ამის შესახებ ნათქვამია ლიეტუვის პრეზიდენტის დალია გრიბაუსკაიტეს ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. ლიეტუვის პრეზიდენტის პრესსამსახურის ცნობით, საზეიმო აღლუმში ლიეტუველ სამხედროებთან ერთად ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების ჯარისკაცები მონაწილეობდნენ, მათ შორის საქართველოდან, უკრაინიდან და მოლდოვიდან. სულ აღლუმში 1 800-მა სამხედრომ მიიღო მონაწილეობა.
„დღეს ჩვენ ვმასპინძლობთ სამხედროებს თავისუფლების მოყვარული 20-ზე მეტი ქვეყნიდან. თქვენი ყოფნა აქ ლიეტუვის შეიარაღებული ძალების დაარსების 100 წლისთავზე ძალიან მნიშვნელოვანი გზავნილია – ერთად ჩვენ ვართ ძლიერები და ერთიანები. ერთად ჩვენ დავიცავთ ჩვენს თავისუფლებას. ლიეტუველი ხალხის სახელით, მადლობა მშვიდობისთვის თქვენი მსახურებისა და ერთგულებისთვის.
ჩვენ ვამაყობთ ლიეტუვისა და მოკავშირე ძალების ერთიანობით. დიდებულია იმის ხილვა, თუ როგორ ფრიალებს მრავალი ეროვნული დროშა ლიეტუვის დროშის გვერდით“, – აღნიშნა ლიეტუვის პრეზიდენტმა დალია გრიბაუსკაიტემ აღლუმზე სიტყვით გამოსვლისას.