ქართველმა პარაძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა პარაძიუდოისტმა ბრინჯაოს მედალი მოიპოვა

ბაქოში ჩატარებულ გრან პრიზე საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრმა, რევაზ ჩიკოიძემ ბრინჯაოს მედალი მოიგო.

საპრიზო ადგილისთვის გამართულ ურთულეს ბრძოლაში + 100 კილოგრამ წონით კატეგორიაში მოასპარეზე სპორტსმენმა აზერბაიჯანელი ილჰამ ზაკიევი დაამარცხა და გუნდს მეორე მედალი მოუტანა.

პირველი მედალი გიორგი ქალდანმა მოიპოვა. ის ბაქოს გრან პრის გამარჯვებული გახდა. საქართველოს პარაძიუდოისტთა ნაკრების წევრებმა, გიორგი გამჯაშვილმა და ზურაბ ზურაბიანმა უშეღავათო ბრძოლებში, მესამე ადგილებისთვის გამართული შეხვედრები დათმეს. ტრავმის გამო ტურნირში მონაწილეობა ვერ მიიღო ყველაზე ტიტულოვანმა ქართველმა პარაძიუდოისტმა, ოლიმპიურმა და მსოფლიო ჩემპიონმა, ზვიად გოგოჭურმა.

ბაქოს გრან პრი უმნიშვნელოვანესი შეჯიბრი იყო ტოკიოს 2020 წლის პარალიმპიური თამაშების წინ, რადგან ამ ტურნირზე სპორტსმენებმა სალიცენზიო ქულები დააგროვეს.