ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს | ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი
ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ოთხი მედალი მოიპოვეს | ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი

აზერბაიჯანის დედაქალაქ ბაქოში მიმდინარე ევროპის რიგით XV ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალზე დღეს ქართველმა მოჭიდავეებმა კიდევ ოთხი – ორი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედლები მოიპოვეს.

თავისუფალი სტილით მოჭიდავე ლუკა გუგეშაშვილი (48 კგ.) ფინალში რუს ბეკბულატოვთან დამარცხდა და ვერცხლის მედალი მოიპოვა.

მეორე ადგილზე გავიდა ხვიჩა აბულაძე (48 კგ.), რომელიც საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. მან გადამწყვეტი პაექრობა აზერბაიჯანელ გურბანოვთან დათმო.

ბრინჯაოს მედალს დაეუფლა ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავე ნიკა ბროლაძე (60 კგ.). ქართველმა ფალავანმა რეპეშაჟში თურქ იურტადას მოუგო.

მე-3 ადგილზე გავიდა დავით აბდალაძე (60 კგ.), რომელიც თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების წევრია. აბდალაძემ ბრინჯაოს მედლისთვის შეხვედრა  პოლონელ სობოლევსკის მოუგო.

დღეისათვის ქართული დელეგაციის აქტივში ოთხი ვერცხლისა და ორი ბრინჯაოს მედალია. საქართველო   გუნდურ ჩათვლაში მე-9 ადგილზეა.