ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ პეტიციით მიმართა WTA-ს, ATP-სა და ITF-ს, რათა ისინი მოთამაშეებს ფინანსურად დაეხმარონ
მსოფლიოს 371-ე ჩოგანმა, ქართველმა ჩოგბურთელმა სოფია შაფათავამ შექმნა პეტიცია ქალთა საჩოგბურთო ასოციაციის (WTA), პროფესიონალ ჩოგბურთელთა ასოციაციისა (ATP) და ჩოგბურთის საერთაშორისო ფედერაციის (ITF) მისამართით, რათა ეს ორგანიზაციები ჩოგბურთელებს ფინანსურად დაეხმარონ.
ჩოგბურთელის აზრით, კორონავირუსის გამო ტურნირების შეჩერების დროს, ყველაზე მეტად დაბალრეიტინგიანი მოთამაშეები დაზარალდნენ, რომლებიც თავიანთი გამოსვლებისთვის ისედაც ვერ იღებენ მაღალ ჰონორარებს.
„პროფესიონალმა ჩოგბურთელმა მთელს მსოფლიოში შეწყვიტეს გამოსვლა. ასეთ დროს, ტოპ-მოთამაშეებს საკმარისი რესურსი აქვთ იმისთვის, რომ რამდენიმე თვე თავი გაიტანონ, მაგრამ დაბალრეიტინგიან მოთამაშეებს პრობლემები ექმნებათ. ბევრს არ შეუძლია ამ პერიოდში დანაზოგით იცხოვროს და სამი თვის შემდეგ დაუბრუნდეს კორტებს.
კომპანიები, რომლებიც საჩოგბურთო ტურნირებს ატარებენ, უნდა დაეხმარონ მოთამაშეებს ამ რთული დროის გადატანაში. ბევრ ჩვენთაგანს წაადგება ნებისმიერ სახის დახმარება. სხვადასხვა ორგანიზაციის თანამშრომლებს ფასიანი შვებულებები მისცეს, ჩოგბურთელები კი ასეთივე თანამშრომლები არიან. მჯერა, რომ მოთამაშეებმა ზუსტად ასეთივე დახმარება უნდა მიიღონ, რადგან ჩვენც ვიხდით გადასახადებს, ლიცენზიის ფულს და ვმუშაობთ მათზე.
მატჩების სრული შეჩერება დიდი მოულოდნელობა გახდა და ბევრი ჩვენთაგანი დაზარალდა. დღეს ყველასთვის რთული დროება დადგა და დახმარება ყველას უნდა გაეწიოს”, – წერია პეტიციის ტექსტში, რომელიც ვებგვერდ change.org-ში გამოქვეყნდა.
ერთი კვირის განმავლობაში, პეტიციამ 800-ზე მეტი ხელმოწერა შეაგროვა.
WTA-ის ოფიციალური ვებგვერდის მონაცემებით, 2020 წელს, 31 წლის შაფათავამ ITF-ის ოთხ ტურნირში მიიღო მონაწილეობა და დაახლოებით სამი ათასი დოლარი გამოიმუშავა.