ქართველი მწვრთნელებს „უაისკაუტის“ განახლებული ვერსია წარუდგინეს
ეროვნული საფეხბურთო ლიგის და ლიგა 2-ის კლუბების წარმომადგენლებთან ერთად, მსაჯები და საქართველოს ნაკრებების ანალიტიკოსები ესწრებოდნენ სემინარს, რომელიც ფეხბურთის ფედერაციის ინიციატივით გაიმართა და ანალიტიკური პროგრამა „უაისკაუტის“ (WyScout) საქართველოში დამკვიდრებას შეეხებოდა.
ფეხბურთის ფედერაციის ცნობით, სემინარზე „უაისკაუტის“ წარმომადგენლებმა ანალიტიკური პროგრამის განახლებული ვერსია წარადგინეს და სემინარის მონაწილეებს მისი გამოყენების წესები დეტალურად აუხსნეს, შეკითხვებს უპასუხეს და საინტერესო თემებზე ამომწურავი ინფორმაცია მიაწოდეს.
ვიტალი სალავიოვი, „უაისკაუტის“ წარმომადგენელი: „საქართველოში მეორედ ჩამოსვლა ძალიან მნიშვნელოვანი იყო, რადგან გვაინტერესებდა, როგორ შეაფასებდნენ მწვრთნელები ჩვენს პროგრამას – რა იყო მათთვის მოსახერხებელი და რა მოუხერხებელი. ამას გარდა, გვსურდა მათთვის გაგვეცნო ის სიახლეები, რომელსაც ჩვენ ვგეგმავთ. წარმოვადგინეთ სტატისტიკის ახალი გვერდი და ვუჩვენეთ, თუ როგორ უნდა გამოიყენონ. ახალ ვერსიაში უამრავი საინტერესო დეტალია, რომელიც კლუბების მუშაობას უფრო გაამარტივებს”.
ირაკლი ჩიტაური, ეროვნული ნაკრების ანალიტიკოსი: „დღევანდელი სემინარის პირველი ნაწილი ეხებოდა იმ სიახლეებს, რომელიც უაისკაუტმა ფეხბურთის ფედერაციასთან არსებული კონტრაქტის საფუძველზე სამუშაო პლატფორმას დაამატა. აღნიშნული სიახლეები ნაკრებებისა და ეროვნული ჩემპიონატის მონაწილე გუნდების მწვრთნელებისთვის საინტერესო აღმოჩნდა. მეორე ნაწილი ძირითადად შეკითხვებს დაეთმო, თუ რა პრობლემას წააწყდნენ მუშაობისას ან ხომ არ სურდათ მწვრთნელებს რაიმე სერვისის დამატება. მესამე თემა კი „პოლარისა“ და „უაისკაუტის“ სისტემების გაერთიანებას ეხებოდა. ამაზე მუშაობა უკვე დაწყებულია და იმედი გვაქვს, რომ ყველაფერი კარგად დასრულდება“.