ქართველი მსაჯები კონფერენციის ლიგაზე - კიკაჩეიშვილმა ყვითელი ბარათი 11-ჯერ აჩვენა [ვიდეო] #1TVSPORT

ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მეხუთე ტურის მატჩზე უეფა-მ ქართველი არბიტრები დანიშნა – ეს შეხვედრა ყაზახეთში გაიმართა, სადაც „კაირათი“ შვეიცარიულ „ბაზელს“ მასპინძლობდა.

უეფა-ს გადაწყვეტილებით, შეხვედრა ქართველმა არბიტრებმა განსაჯეს – მთავარი არბიტრი 30 წლის გიორგი კიკაჩეიშვილი იყო, რომელსაც ასისტენტობას დავით გაბისონია და გიორგი ელიკაშვილი უწევდნენ, მეოთხე მსაჯი კი ირაკლი კვირიკაშვილი გახლდათ.

მიმდინარე სეზონში ეს უკვე მეორე შემთხვევაა, როდესაც ქართული სამსაჯო ბრიგადა უეფა-მ ევროპის კონფერენციის ლიგის ჯგუფური ეტაპის მატჩზე დანიშნა. 21 ოქტომბერს გიორგი ყრუაშვილმა, ლევან ვარამაშვილმა, ზაზა ფიფიამ და დავით ხარიტონაშვილმა, როტერდამში „ფეიენორდისა“ და ბერლინის „უნიონის“ მატჩი განსაჯეს.

კაირათისა“ და „ბაზელის“ შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა და შვეიცარიელებმა 2:3 მოიგეს. მატჩი ხისტიც გამოდგა. 30 წლის ქართველმა არბიტრმა ორივე გუნდის წევრებს 11 ყვითელი ბარათი აჩვენა – შვიდჯერ მასპინძლებს, ხოლო ოთხჯერ – სტუმრებს. ყაზახების მცველი, იან ვოროგოვსკი გიორგი კიკაჩეიშვილმა მეორედ „გააყვითლა“ და მოედნიდან გააძევა. მატჩის შემდეგ „კაირათის“ ხორვატი მცველი, დინო მიკანოვიჩი მასთან ეპიზოდებს აქტიურად აპროტესტებდა და მსაჯმა წითელი ბარათი ამოიღო, მაგრამ როგორც გაირკვა, მოსაშორებლად აჩვენა და ოქმში არ გაუფორმებია.

მან მასპინძლების კარში პენალტი სამართლიანად დანიშნა, მაგრამ „კაირათის“ მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ბერდიევმა გააკრიტიკა:

„ახლა წარმოდგენა მაქვს ქართულ მსაჯობაზე. სიტყვებს ვერ ვპოულობ, პენალტი ჩვენს კარში დასანიშნი არ იყო“.