საფეხბურთო ლეგიონი - ზარიამ „კაირათში“ დებიუტი გოლით აღნიშნა და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს [ვიდეო] #1TVSPORT

ყაზახეთის პრემიერლიგაში ქართველმა ფეხბურთელებმა, ლუკა გადრანმა და გიორგი ზარიამ „კაირათში“ წარმატებული სადებიუტო შეხვედრა ჩაატარეს „კიზილ ჯარასთან“, სადაც ლუკა იმნაძე და ირაკლი ბუღრიძე თამაშობენ და 2:1 გაიმარჯვეს.

ალმატელთა ქართველებმა 90 წუთი ითამაშეს (ზარია ბოლოს შეცვალეს), ისევე როგორც „კიზილ ჯარის“ შემტევმა ნახევარმცველმა ლუკა იმნაძემ, ხოლო ბუღრიძე მოედანზე 86-ე წუთზე შეუშვეს.

სამი გოლიდან ორი ქართველის მონაწილეობით გავიდა. სტუმრებმა 63-ე წუთზე ანგარიში იმნაზის ასისტის შემდეგ გაათანაბრეს. 71-ე წუთზე კი ზარიამ 30 მეტრიდან ეფექტური დარტყმით „კაირათს“ სეზონში პირველი გამარჯვება მოუტანა 2:1. ზარია მატჩის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს.

ყაზახური ფეხბურთის ბოლო 20-წლეულის ლიდერმა „ასტანამ“ 2:0 დაამარცხა ლევან კორღალიძის გაწვრთნილი „ჟენისი“, სადაც ირაკლი ბიძინაშვილმა და ზურაბ თევზაძე შეუცვლელად ითამაშეს.

ასევე წარუმატებელი გამოდგა სეზონის სტარტი გიორგი ქობულაძის „კაისარისთვის“, რომელიც შინ „აქტობესთან” 1:3 დამარცხდა. ქართველი მცველი გუნდის განაცხადში არ იყო.

ასევე წააგო გასვლაზე „ორდაბასთან“ 0:5 ყარაღანდის „შახტარმა“, რომლის სასტარტო თერთმეტეულში იყო ცენტრალური მცველი ანტონ თოლორდავა და შეუცვლელად ითამაშა, ხოლო იმედა აშორტია შეცვლაზე (46-ე წუთიდან) შევიდა.