მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას წყვილმა, სპორტულ ცეკვებში იუნიორთა გრან-პრის მესამე ეტაპზე, ვერცხლის მედალი მოიპოვა. ქართველი მოციგურავეები პირველ ადგილზე გასულ დუეტს მხოლოდ 0.33 ქულით ჩამორჩნენ. რიტმულ ცეკვებში მათ მეორე შედეგი აჩვენეს, თავისუფალ პროგრამაში კი 102.01 ქულით საუკეთესოები იყვნენ. კაზაკოვამ და რევიამ ორი პროგრამის ჯამში 165.26 ქულა დააგროვეს და მხოლოდ მსოფლიო ჩემპიონატის პრიზიორებს ელიზავეტა ხუდაიბერდიევასა და ანდრეი ფილატოვს ვერ აჯობეს.
რიგაში გამართულ იუნიორთა გრან-პრიზე 13-დან 19 წლამდე ასაკის მოციგურავეებმა მიიღეს მონაწილეობა. ტურნირზე სულ 17 ქვეყნის 19-მა წყვილმა იასპარეზა.
მარია კაზაკოვასა და გიორგი რევიას მორიგი სტარტი სექტემბრის ბოლოს, ხორვატიის დედაქალაქ ზაგრებში, გრან-პრის სერიის მეექვსე ეტაპზე შედგება. სწორედ ამ შეჯიბრზე გაირკვევა გრან-პრის ფინალის მონაწილეთა ვინაობა.