ქართველი მოციგურავეები ევროპის ჩემპიონატის 24 საუკეთესოს შორის მოხვდნენ (ვიდეო)
მინსკში მიმდინარე ევროპის ჩემპიონატზე ფიგურულ ციგურაობაში დღეს საკუთარი მოკლე პროგრამები ვაჟმა მოციგურავეებმა წარმოადგინეს. მათ შორის იყვნენ მორის ყვითელაშვილი და ირაკლი მაისურაძე.
მაისურაძე მეხუთე ჯგუფში 23-ე ნომრად გამოვიდა. მან ჯამში 60.89 ქულა დააგროვა და 24-ე ადგილზე გავიდა. ყვითელაშვილი ბოლო, მეშვიდე ჯგუფში მოხვდა და 34-ე ნომერი იყო. მისი შედეგი 73.04 ქულაა, რის შედეგადაც მე-15 პოზიცია დაიკავა. ორივე ქართველი მომდევნო ეტაპზე გადავიდა.
„მინსკ არენაზე“ ვაჟთა თანრიგში მოკლე პროგრამა დღეს 37-მა მოციგურავემ წარმოადგინა. მათ შორის იყო მსოფლიოს ორგზის ჩემპიონი ესპანელი ხავიერ ფერნანდესიც. საუკეთესო შედეგი რუს მიხაილ კოლიადას ჰქონდა, რომელმაც ასპარეზობის პირველ დღეს ჯამში 100.49 ქულა დააგროვა. მეორე ადგილზე 91.97 ქულით ასევე რუსი ალექსანდრ სამარინი გავიდა. მესამე პოზიცია 91.84 ქულით ფერნანდესმა დაიკავა. აღსანიშნავია, რომ მიხაილ კოლიადას მორის ყვითელაშვილმა მოსკოვის გრან-პრიზე აჯობა.
26 იანვარს ვაჟები თავისუფალ პროგრამას წარმოადგენენ. მომდევნო ეტაპზე ის მოციგურავეები გადავიდნენ, რომლებიც დღეს საუკეთესო 24 მონაწილეს შორის მოხვდნენ.
23 წლის მორის ყვითელაშვილისთვის ეს მესამე ევროპირველობაა. მისი დებიუტი ამ ტურნირზე 2017 წელს შედგა. მაშინ ქართველმა მოციგურავემ ასპარეზობა მეექვსე ადგილზე დაასრულა. 2018 წელს მორისის შედეგი მეთორმეტე ადგილი იყო. რაც შეეხება ირაკლი მაისურაძეს, ის ევროპის ჩემპიონატზე მეორედ ასპარეზობს. 18 წლის მოციგურავემ შარშან მეჩვიდმეტე პოზიცია დაიკავა.