20 წლის ქართველმა სპორტსმენმა, ლუკა შონიამ საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაციის – WAKO-ის ეგიდით გამართულ მსოფლიო ჩემპიონატზე ოქროს მედალი მოიპოვა. თურქეთის ქალაქ ანტალიაში დასრულებულ მსოფლიო პირველობაზე შონიამ -67 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზა და 4 შეხვედრის მოგებით ჩემპიონის ტიტულს დაეუფლა. ანგოლელი, რუსი და უკრაინელი მეტოქეების დამარცხების შემდეგ, ქართველმა კიკბოქსიორმა ფინალში ყაზახ ნურსულთან ხასანოვს სძლია და კვარცხლბეკის უმაღლეს საფეხურზე ავიდა.
საერთაშორისო კიკბოქსინგის ორგანიზაცია – WAKO აღიარებულია საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის მიერ. აღსანიშნავია, რომ ორგანიზაცია სოკ-თან აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს კიკბოქსინგის ოლიმპიურ პროგრამაში შეტანასთან დაკავშირებით.