ქართველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად - აქციები თბილისსა და რეგიონებში
ქართველი ექიმები ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად - აქციები თბილისსა და რეგიონებში

ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმის მიერ დაკავებულ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერად „თეთრი ხალათების“ აქცია თბილისსა და საქართველოს თითქმის ყველა ქალაქში გაიმართა.

სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ ქუთაისში, კლინიკების ეზოებში და ვაჟა გაფრინდაშვილს სოლიდარობა გამოუცხადეს.

მათი თქმით, ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპანტების მიერ უკანონოდ არის დაკავებული და ის დაუყოვნებლივ უნდა გათავისუფლდეს.

„აღშფოთებული ვართ ექიმის უკანონო დაკავების გამო, რომელიც პროფესიულ საქმიანობას ასრულებდა. სოლიდარობას ვუცხადებთ მას. ჩვენი სამშვიდობო აქციით ვუერთდებით „თეთრი ხალათების“ აქციას და მოვითხოვთ ჩვენი კოლეგის გათავისუფლებას, რომელიც უსამართლოდაა დაკავებული. ვაჟა გაფრინდაშვილი არის გმირობის მაგალითი და აუცილებელია მისი დაუყოვნებლივ გათავისუფლება“, – განაცხადა საქართველოს პირველ არხთან ქუთაისის რეფერალური კლინიკის ტრავმატოლოგმა, აქციის მონაწილე გიორგი გაბუნიამ.

ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე „თეთრი ხალათების აქციას“ ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტალის მედპერსონალიც შეუერთდა.

კლინიკის დირექტორმა ნიკა ჭეჟიამ ოკუპირებულ ცხინვალსა და აფხაზეთში მომუშავე კოლეგებს მიმართა და მოუწოდა, ისინიც შეუერთდნენ აქციას და ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის გათავისუფლება მოითხოვონ.

„თეთრი ხალათების“ აქცია გაიმართა სამეგრელო-ზემო სვანეთის ყველა სამედიცინო დაწესებულებაში. ასევე, ბათუმში, თელავში, გორსა და რუსთავში.

ამასთან, თბილისში, მდუმარე აქცია გამართა „მედიქლაბის“ პერსონალმა. ისინი ითხოვენ, ვაჟა გაფრინდაშვილი ოჯახს უსაფრთხოდ დაუბრუნდეს.

აქციაზე კომენტარი გააკეთა ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლემ. თამილა ლაფანაშვილის თქმით, ორგანიზაცია „წითელი ჯვარი“ ვაჟა გაფრინდაშვილის მოსანახულებლად ამ დრომდე არ შესულა.

თამილა ლაფანაშვილის განცხადებით, თუ „წითელი ჯვარი“ მისი მეუღლის მონახულებას დღესაც ვერ შეძლებს, ორგანიზაციის ოფისთან აქცია გაიმართება.

„ჩვენ ვაპროტესტებთ ვაჟას უკანონოდ დაპატიმრებას. ვითხოვთ ერთადერთს – მის გათავისუფლებას. „წითელი ჯვარი“ კიდევ არ შესულა მასთან. თუ დღეს ვერ მოახერხებენ შესვლას, ჩვენ გავმართავთ საპროტესტო აქციას „წითელ ჯვართან“. ის საერთაშორისო ორგანიზაციაა და ყველა ველოდებით, რომ ვაჟას მოინახულებენ, რათა გამოიტანონ რეალური ინფორმაცია ვაჟა გაფრინდაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ. უკვე ვიცით, რა მძიმე მდგომარეობაში იმყოფებოდა იზოლატორში. ამიტომ, „წითელ ჯვარს“ ვთხოვთ, გაააქტიურონ მოქმედებები“, – აცხადებს ვაჟა გაფრინდაშვილის მეუღლე თამილა ლაფანაშვილი.

ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის მხარდასაჭერი აქცია გაიმართა სამედიცინო უნივერსიტეტის ეზოშიც. სამედიცინო უნივერსიტეტის სტუდენტებმა ექიმის უკანონო დაკავება გააპროტესტეს და მისი გათავისუფლება მოითხოვეს.

საქართველოს მოქალაქე, თბილისში მცხოვრები ექიმი ვაჟა გაფრინდაშვილი ოკუპირებული ორჭოსანის სიახლოვეს 9 ნოემბერს დააკავეს.

ექიმის წინააღმდეგ დე ფაქტო რეჟიმმა სისხლის სამართლის საქმე აღძრა. ცხინვალის საოკუპაციო რეჟიმმა ვაჟა გაფრინდაშვილს წინასწარი ორთვიანი პატიმრობა შეუფარდა.