ქართველი ემიგრანტი - მოვედი, რათა მიხეილ სააკაშვილს ხმამაღლა ვუთხრა - არა [ვიდეო]
მოვედი, რათა მიხეილ სააკაშვილს ხმამაღლა ვუთხრა – არა, – ამის შესახებ ქართველმა ემიგრანტმა რომში აქციაზე განაცხადა, რომელიც იმ სასტუმროსთან იმართება, სადაც სააკაშვილი მხარდამჭერებს ხვდება.
„აქ იმიტომ კი არ მოვედი, რომ მეშინია მიშას საქართველოში დაბრუნება, არამედ იმიტომ მოვედი, რომ ხმამაღლა ვუთხრა არა“, – განაცხადა ემიგრანტმა.
ქართველი ემიგრანტების ნაწილი შეხვედრაზე ვერ მოხვდა. ისინი საპროტესტო აქციას მართავენ. როგორც ემიგრანტები აცხადებენ, მიუხედავად იმისა, რომ რეგისტრაცია გაიარეს, საქართველოს ყოფილ პრეზიდენტთან შეხვედრაზე განსხვავებული აზრის გამო არ შეუშვეს.
იტალიის პოლიცია, რომელიც სააკაშვილის მხარდამჭერებმა გამოიძახეს, აქციის მონაწილეებს სთხოვს, რომ მთლიანად დატოვონ ტერიტორია.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი იუწყება, აქციამ გადაინაცვლა სასტუმროს მოპირდაპირე მხარეს.
სააკაშვილისა და მისი მხარდამჭერების შეხვედრაზე ჟურნალისტებს დასწრების საშუალება არ მისცეს. ორგანიზატორმა გიორგი სიგუამ თავდაპირველად განაცხადა, რომ აკრედიტებული ჟურნალისტები შეხვედრას დაესწრებოდნენ, თუმცა მოგვიანებით მედიის წარმომადგენლებს უთხრა, რომ შეხვედრას ვერ დაესწრებოდნენ. სასტუმროს შენობაში მხოლოდ კამერები შეუშვეს.
საქართველოს ყოფილ პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან შესახვედრად მხარდამჭერები რომში იკრიბებიან. მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით შეხვედრა რომში, რესპუბლიკის მოედანზე, ერთ-ერთ სასტუმროში იმართება.
შეგახსენებთ, 10 თებერვალს მოძრაობა „ერთად სახლშის“ ორგანიზებით, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი მხარდამჭერებს ბელგიის ქალაქ ლიეჟში შეხვდა.