ქართველების თანაგუნდელმა „ჩერნომორეცის“ მეკარემ ფეხბურთი დაივიწყა - ახლა მხოლოდ რუსეთთან ომის მოგებაზე ვფიქრობ #1TVSPORT
ბექა ვაჩიბერაძისა და გიორგი წიტაიშვილის თანაგუნდელმა, ოდესის „ჩერნომორეცის“ მეკარე ევგენი პასტმა გამოცემა FanDay-თან ინტერვიუში უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებაზე ისაუბრა და განაცხადა, რომ ახლა ფეხბურთისთვის არ სცალია და მხოლოდ რუსეთთან ომში უკრაინის გამარჯვებაზეა ორიენტირებული.
ამავე დროს, პასტი იმედოვნებს, რომ ქვეყნის მხარდასაჭერ საქველმოქმედო მატჩებს ყველა ცნობილი უკრაინული კლუბი ჩაატარებს.
„24 თებერვლის შემდეგ ფეხბურთზე არც მიფიქრია. ახლაც ჩემს სახლთან ოდესაში რაკეტამ ჩამიფრინა და არც ვიცი, თამაშზე როგორ ვიფიქრო. ქვეყანაში ომია და როგორც კი დასრულდება, ჩვენ ისევ ვივარჯიშებთ და ვითამაშებთ, მაგრამ ახლა ვფიქრობთ, როგორ მოვიგოთ რუსეთთან ომი და როგორ დავეხმაროთ ჩვენს ქვეყანას.
თუმცა, საქველმოქმედო მატჩებისთვის საზღვარგარეთ გამგზავრების ვარიანტი იდეალური იქნებოდა. ეს ლოგიკურიც არის და ამითაც დავეხმარებოდი ქვეყანას ისევე, როგორც უცხოეთში საქველმოქმედო თამაშის მონაწილე კიევის „დინამოს“ და დონეცკის „შახტარის“ მოთამაშეები. თუ უკრაინის პრემიერლიგის ან ფედერაციის ხელმძღვანელობა მიიღებს გადაწყვეტილებას, რომ ბიჭები წავიდნენ და ითამაშონ, მაშინ ეს იქნება სწორი. ჩვენ უსაქმოდ ვსხედვართ, თამაშებით კი ფინანსურად და მორალურად უკრაინის შეიარაღებული ძალებს დავეხმარებოდით.
„შახტარისა“ და „დინამოს“ საქველმოქმედო მატჩების ტური ამ გუნდების ხელმძღვანელობით გაიმართა. შესაძლოა, სხვა გუნდებმა მოახერხონ ასეთი მოგზაურობის ორგანიზება, მაგრამ ეს ხელმძღვანელობამ უნდა გააკეთოს, რადგან ასეთი შეხვედრების ორგანიზება ძალიან რთულია. ისინი („შახტარი“ და „დინამო“) სავსე სტადიონებზე თამაშობენ და დიდ ფულს შოულობენ უკრაინისთვის და ჩვენი შეიარაღებული ძალებისთვის. ვფიქრობ, ეს ნორმალურია და კარგი იქნებოდა, ამ საკითხებს ყველა კლუბის ხელმძღვანელობამ მიხედოს“, – განაცხადა „ჩერნომორეცის“ მეკარემ FanDay-თან ინტერვიუში.