ქართველები უცხოეთში - ანანიძის საგოლე, არაბულის გოლი და მერებაშვილის დუბლი [ვიდეო]
ჯანო ანანიძე მოედანს ხანგრძლივი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა და პირველივე შეხვედრაში თავი გამოიჩინა. რუსეთის პრემიერლიგის მე-17 ტურში 26 წლის მოსკოვის „სპარტაკის“ქართველი ნახევარმცველი შეცვლაზე, 70-ე წუთზე გამოჩნდა და ზე ლუიშს დუბლის შესრულებაში საგოლე გადაცემით დაეხმარა.
ტრავმით გამოწვეული ცხრა თვიანი პაუზის შემდეგ ქართველმა ნახევარმცველმა ჯანო ანანიძემ რუსეთის ჩემპიონატზე პირველად ითამაშა. მისი გუნდი კი პრემიერლიგაში 28 ქულით მეოთხე ადგილზე დაწინაურდა.
ბაჩანა არაბულმა კი თავი უნგრეთში გამოიჩინა. მისი გუნდი, „პუშკაშის აკადემია“ სახლში „პაკსისთან“ 0:1 აგებდა. მაგრამ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელმა 90+4 წუთზე მეტოქის კარი აიღო და გუნდს ქულა მოუტანა 1:1. „პუშკაშმა“ 17 ტურში 18 ქულა დააგროვა და მეცხრე ადგილზეა, ხოლო ქართველმა 13 შეხვედრაში 4 გოლი მიითვალა.
უქმეებზე დაწყებულ შეხვედრებში ყველაზე მეტად თავი გიორგი მერებაშვილმა გამოიჩინა. პლოცკის „ვისლას“ ქართველმა შემტევმა პოლონური ექსტრაკლასას მე–18 ტურში გასვლაზე ერთ-ერთ ლიდერ კიელჩეს „კორონასთან“ დუბლი შეასრულა. მერებაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო და ორჯერ მოახერხა ანგარიშის გათანაბრება – პირველად მე-17 წუთზე გაიტანა, მეორედ – 90+1 წუთზე. ამით „ვისლამ“ ქულა გადაარჩინა და 19 ქულით მე–11 ადგილზეა.