ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - რელიგიური უმცირესობებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვა დისკრიმინაციაა
ქართველ მუსლიმთა კავშირის თავმჯდომარე - რელიგიური უმცირესობებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვა დისკრიმინაციაა

საქართველოში რელიგიური კონფესიების წარმომადგენლებმა სამხედრო სავალდებულო სამსახურის შესახებ ირაკლი სესიაშვილის ინიციატივის წინააღმდეგ კონსულტაციები დაიწყეს. ამის შესახებ „ქართველ მუსლიმთა კავშირის” თავმჯდომარემ, ტარიელ ნაკაიძემ განაცხადა.

რელიგიური საბჭოს წარმომადგენლები აღნიშნულ ინიციატივაში არსებული პრობლემების გადაჭრის სამართლებრივ გზებზე იურისტებთან და სახალხო დამცველთან ერთად იმსჯელებენ.

როგორც ტარიელ ნაკაიძე აცხადებს, რელიგიური უმცირესობებისთვის სამხედრო სამსახურის გადავადების უფლების შეზღუდვა ადამიანების დისკრიმინაციაა.

მისივე თქმით, ინიციატივა, რომელიც პარლამენტის ბიუროს განსახილველად დღეს წარედგინება, დემოკრატიული ქვეყნებისთვის შეუფერებელია და ძალაში არ უნდა შევიდეს.

„როგორც მოქალაქეები, ვალდებულები ვართ, დავიცვათ თანასწორუფლებიანობა, არ უნდა დავუშვათ, რომ რაიმე სახის დისკრიმინაციაზე თანხმობა გვქონდეს,”-განაცხადა ტარიელ ნაკაიძემ.

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას.

მისი თქმით, სამწუხარო რეალობა დადგა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.