ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოდის, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურის წოდების მქონე ზოგიერთი პირი სამხედრო სამსახურის გადავადებით სარგებლობდა
ირაკლი სესიაშვილი ინიციატივით გამოდის, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურის წოდების მქონე ზოგიერთი პირი სამხედრო სამსახურის გადავადებით სარგებლობდა

პარლამენტის თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარე ირაკლი სესიაშვილი პარლამენტს სთავაზობს, გაუქმდეს საკანონმდებლო ნორმა, რომლითაც მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურის გადავადებით სარგებლობდნენ. ამ შემთხვევაში, საუბარი არ ეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას.

მისი თქმით, სამწუხარო რეალობა დადგა, რომ ზოგიერთი ორგანიზაცია არასწორად და არასამართლიანად იყენებდა აღნიშნულ ნორმას, რის გამოც სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის სისტემას სერიოზული პრობლემები შეექმნა.

„ამ მხრივ, ძალიან სერიოზული პრობლემების წინაშე დავდგებით, რის გამოც პარლამენტს ვთავაზობ, რომ ეს ნორმა გავაუქმოთ. ყველა პირს, რომელიც უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე რწმენის, აღმსარებლობის, სინდისის საფუძველზე, აქვს კანონიერი უფლება, გაიაროს არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახური, რომელიც კანონით არის განმტკიცებული. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ამ შემთხვევაში, მოქმედებს საკონსტიტუციო ნორმა, შეთანხმება, რომლის ფარგლებში მართლმადიდებელი მღვდელმსახურები სამხედრო სავალდებულო სამსახურისგან თავისუფლდებიან და არ ვფიქრობ, რომ ეს უნდა გაუქმდეს“, – განაცხადა სესიაშვილმა.

დეპუტატი განმარტავს, რომ როგორც წესი, სხვა რელიგიური კონფესიები „არასამხედრო ალტერნატიული შრომითი სამსახურის კანონით“ სარგებლობდნენ.

„მაგალითად, იეღოვას მოწმე, რომელიც რელიგიური მოტივით სამხედრო სამსახურზე უარს აცხადებდა, ალტერნატიულ შრომით სამსახურს მიმართავდა. ჩემს მიერ მომზადებული ნორმა იქნება ყველასთვის. რაც შეეხება მართლმადიდებლურ ეკლესიას, ჩემი ინიციატივა საკონსტიტუციო ნორმას ვერ შეეხება, სხვა კონფესიებს კი. ნებისმიერი კონფესიის წარმომადგენელი, რომელიც რელიგიური, აღმსარებლობის ან სინდისის მოტივით უარს იტყვის სამხედრო სავალდებულო სამსახურზე, ვალდებული იქნება, გაწვეული იყოს არასამხედრო სავალდებულო შრომითი სამსახურით“, – განაცხადა ირაკლი სესიაშვილმა.

ამასთან, დეპუტატმა განმარტა, რომ სასულიერო აკადემია უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა, რომელიც სარგებლობს საერთო ნორმით, როცა უმაღლესში ჩარიცხულ პირებს გადავადების უფლება ისედაც აქვთ.