ქართველ მუსლიმთა კავშირი რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხში აღმოჩენილი ცხედრების გადასვენებაში ჩართვას ითხოვს
ქართველ მუსლიმთა კავშირი რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხში აღმოჩენილი ცხედრების გადასვენებაში ჩართვას ითხოვს

ქართველ მუსლიმთა კავშირი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ რეპრესიების მსხვერპლთა საერთო სამარხში აღმოჩენილი ცხედრების გადასვენებაში ჩართვას ითხოვს, –  განცხადება კავშირის თავმჯდომარემ ტარიელ ნაკაიძემ გაავრცელა.

„ფრიდონ ხალვაშის ქ. N338-ში მდებარე საბანაკო შეკრების ბაზა N3-ში აღმოჩენილი იქნა 1937-1938 წლებში ბოლშევიკური რეპრესიების დროს სტალინური სიების თანახმად დახვრეტილ მოქალაქეთა 4 სამაროვანი, რომელშიც განთავსებული იყო 150-მდე ადამიანის ნეშტი. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის მიერ გავრცელებულ განცხადებით ცნობილი ხდება, რომ აღნიშნული ნეშტები შესაბამის სამსახურებთან შეთანხმებით მოხდა ეპარქიის მიერ მათი ამოსვენება. დაგეგმილია ა/წ 21 აპრილს, 15:00 საათზე, ბათუმის N3 სამხედრო ბაზის ტერიტორიაზე მათი პატივით დაკრძალვა. აქვე წარმოდგენილია სია, რომლიდანაც ირკვევა, რომ რეპრესირებული ადამიანების უდიდესი ნაწილი არის მუსლიმი.

აღნიშნულიდან გამომდინარე დაუშვებელია მუსლიმი ადამიანების სხვა სარწმუნოების წესებით გადასვენება. ამიტომ შესაბამის უწყებებს მოუვწოდებ, მათ გადასვენებაში ჩართული იქნან მუსლიმი სასულიერო პირები. კატეგორიულად ვგმობთ და ვეწინააღმდეგებით საპატრიარქოზე გადაცემულ ტერიტორიაზე მათ გადასვენებას“, – ნათქვამია განცხადებაში.

ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიის ინფორმაციით, ბათუმში, ხელვაჩაურის ყოფილ ტერიორიაზე 1937-1938 წლებში რეპრესირებულთა საერთო სამარხი აღმოაჩინეს. ეპარქიის ცნობით, ოთხ სამაროვანში 150-მდე ნეშტი უწესრიგოდ იყო დამარხული. 21 აპრილს ეპარქია გარდაცვლილთა ნეშტების პატივით დამარხვას გეგმავს. ბათუმისა და ლაზეთის ეპარქია 1937-1938 წლებში ბათუმში დახვრეტილ პირთა სიას აქვეყნებს, რომელიც შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე.