ქართული სპორტის ქომაგები - ეპიდვითარება დასტაბილურდა, ვაქცინირებულთა რიცხვიც გაზრდილია, დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი #1TVSPORT
ქართული სპორტის ქომაგები - ეპიდვითარება დასტაბილურდა, ვაქცინირებულთა რიცხვიც გაზრდილია, დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი #1TVSPORT

საქართველოს ეროვნული ნაკრები ოქტომბერში 2 ოფიციალურ თამაშს გამართავს. 9 ოქტომბერს ვილი სანიოლის გუნდი ბათუმში საბერძნეთს დაუპირისპირდება, ხოლო 12 ოქტომბერს – პრიშტინაში კოსოვოს. საქართველოში არსებული ეპიდმდგომარეობის გამო ჯერაც უცნობია, ბათუმის ახალ არენაზე „ჯვაროსნების“ თამაშს მაყურებელი დაესწრება თუ არა.

„ქართული სპორტის ქომაგები“ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის სტადიონზე გულშემატკივრების დაშვებას ითხოვენ – ამის შესახებ ქომაგების ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ წერილში („დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი!“) ვკითხულობთ.

„ამ ეტაპზე ისევ უცნობია, დაესწრება თუ არა საბერძნეთთან ბათუმში გასამართ მატჩს ქართველი გულშემატკივარი. ფაქტი კი ჯიუტია: საქართველოს ნაკრები გულშემატკივრის გარეშე სულ სხვა გუნდია და გულშემატკივართან ერთად – სულ სხვა. ცხადია კიდევ ერთი რამ: სექტემბრისგან განსხვავებით ეპიდვითარება დასტაბილურდა, ვაქცინირებულთა რიცხვიც მეტია, მაგრამ მთავრობის გადაწყვეტილება ჯერ კიდევ უცნობია. ისევ ვხედავთ პოლიტიკურ შეკრებებს და ისევ გვეუბნებიან, რომ პოლიტიკა შეიძლება, ხოლო ფეხბურთი – არა. კოსოვოს წინააღმდეგ კარგად გამოჩნდა რაოდენ დიდი მნიშვნელობა აქვს ჩვენი ნაკრებისთვის გულშემატკივარს. ფაქტიც სახეზე გვაქვს – ორ განსხვავებულ პოლუსად შეგვიძლია მივიჩნიოთ საქართველოს მატჩი ესპანეთთან და კოსოვოსთან. მიუხედავად იმისა, რომ ორივე მატჩში დავმარცხდით, სათამაშო ხარისხი და ფეხბურთელების მონდომება სრულად განსხვავებული იყო“, – ვკითხულობთ ქომაგების მიმართვაში.

ქართული სპორტის ქომაგები დარწმუნებულები არიან, რომ სექტემბრის მატჩებში ნაკრების წარუმატებლობა უმაყურებლობამაც განაპირობა:

„ესპანეთთან მატჩის დროს, „დინამო არენაზე“ დაახლოებით 16 000 გულშემატკივარი იყო. ესპანეთთან თამაშამდე მაყურებელი თავის ნაკრებს ბოლოს 2019 წლის ოქტომბერში ირლანდიასთან შეხვდა – ის მატჩი 0:0 დასრულდა. ნაკრებს და ფეხბურთს მონატრებული გულშემატკივარი საქართველოს ესპანეთთან გულმხურვალედ უჭერდა მხარს, ეს ყველაფერი კი ფეხბურთელებისთვის დამატებითი მოტივაცია იყო. პირველი ტაიმი ესპანეთს მოვუგეთ… ახლოს ვიყავით ქულასთან, თუმცა არ გაგვიმართლა. რა მოგვცა ბათუმში ცარიელმა ტრიბუნებმა კოსოვოსთან? ისე ჩანდა, თითქოს ნაკრები უმოტივაციოდ თამაშობდა. შედეგიც შესაბამისი მივიღეთ – წავაგეთ, მაგრამ ამჯერად არაფრისმთქმელი თამაშით, რომელმაც თითქოს დაბრუნებული იმედი სადღაც გააბრუნა. სწორედ გულშემატკივარი დააკლდა საქართველოს ნაკრებს გასულ ნოემბერში მაკედონისთან: სწორედ ის მუხტი, ენერგია, რომელიც ესპანეთთან ძალიან იგრძნობოდა“.

ქართველი ქომაგები მთავრობას მიმართავენ, რომ ამ ყველაფრის გათვალისწინებით 9 ოქტომბერს საბერძნეთთან მატჩზე გულშემატკივარი დაუშვან:

„საქართველოს ნაკრებისთვის ქომაგი ბევრად მეტია, ვიდრე მე-12 მოთამაშე. სწორედ ის ძალაა, რომელიც ნაკრებს იმ მომენტში დაუდგება გვერდით, როდესაც მატჩში გარდატეხის შეტანაა საჭირო. სწორედ ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ვიმედოვნებთ, რომ საბერძნეთის წინააღმდეგ საქართველოს ნაკრებს ის გულშემატკივარი გაამხნევებს, რომელიც ამდენი წელი ელოდებოდა ბათუმში სტადიონს. დაუბრუნეთ ნაკრები გულშემატკივარს და დაუბრუნეთ ნაკრებს გულშემატკივარი“.