ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არავის გადმობირება არ გვჭირდება, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურის შემდეგ შეშინებულია
ირაკლი ჭეიშვილი - ჩვენ არავის გადმობირება არ გვჭირდება, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურის შემდეგ შეშინებულია

„ქართული ოცნებიდან“ აჭარის უმაღლესი საბჭოს დეპუტატი ირაკლი ჭეიშვილი გიორგი კირთაძის დღევანდელ განცხადებას პასუხობს.

საუბარია განცხადებაზე, სადაც გიორგი კირთაძე ამბობს, რომ თორნიკე რიჟვაძის მამა ემუქრება და ცდილობს, მოისყიდოს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შესული წევრები.

ირაკლი ჭეიშვილის თქმით, აღნიშნული ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება და არავის გადაბირება არ სჭირდებათ. ჭეიშვილი ასევე ამბობს, რომ პროცესი გამჭვირვალეა და „ქართული ოცნება“ დიალოგს გააგრძელებს ყველა პარტიასთან, გარდა „ნაციონალური მოძრაობისა“.

„ჩვენ არ გვჭირდება არავის გადმობირება, როგორც ჩანს, „ნაციონალური მოძრაობა“ მეორე ტურის შემდეგ შეშინებულია. 9 წლის განმავლობაში არაერთი ბრალდება ისმის ჩვენი მისამართით და არასდროს ეს ფაქტები არ დადასტურებულა, ამ შემთხვევაშიც არ არის გამონაკლისი. დაზუსტებით ვამბობ, რომ ეს არის ტყუილი და სიმართლესთან არანაირი კავშირი არ აქვს. ბატონ დავითს არანაირი პოზიცია არ აქვს პარტიაში და შესაბამისად, ეს არის დიდი ტყუილი და ვერ იქნება სიმართლე, რასაც კირთაძე საუბრობს. ჩვენ არ გვჭირდება არავის გადმობირება, დაშანტაჟება, ყველაფერი გამოჩნდება უახლოეს პერიოდში. „ნაციონალური მოძრაობის“ გარდა, ვისაუბრებთ ყველა პარტიასთან და გამოჩნდება ყველაფერი, შეიკვრება თუ არა უმრავლესობა. ალბათ შეშინებული არიან მეორე ტურით და ვურჩევ, საკუთარი საქმეებით დაკავდნენ“, – განაცხადა ირაკლი ჭეიშვილმა.