გიორგი კირთაძე - თორნიკე რიჟვაძის მამა ემუქრება და ცდილობს, მოისყიდოს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შესული წევრები
გიორგი კირთაძე - თორნიკე რიჟვაძის მამა ემუქრება და ცდილობს, მოისყიდოს ბათუმის საკრებულოში „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით შესული წევრები

ბათუმის საკრებულოს არჩეული დეპუტატები „ნაციონალური მოძრაობიდან“ აცხადებენ, რომ „ქართული ოცნება“ ზემოქმედებისა და შანტაჟის გზით საკრებულოს ოპოზიციური პარტიების წევრების გადაბირებას ცდილობს და ამაში მონაწილეობს აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა – დავით რიჟვაძე.

განცხადება დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ოფისში გიორგი კირთაძემ გააკეთა. ის არ საუბრობს კონკრეტულ მაგალითებზე, თუმცა აცხადებს, რომ ფაქტის განმეორების შემთხვევაში, დოკუმენტურ მასალას გამოაქვეყნებს.

„დავით რიჟვაძე – თორნიკე რიჟვაძის მამა სამართლებრივ პასუხისმგებლობას ამ ხელისუფლების პირობებში გადაურჩა. ახლა „ქართულმა ოცნებამ“ გადაწყვიტა, გადამწყვეტი იერიში მიიტანოს ბათუმის საკრებულოზე, ამომრჩევლის ნებაზე, რომელმაც ცალსახად თქვა, რომ ბათუმის საკრებულო ოპოზიციური და მრავალპარტიული იყოს. ახლა ცდილობენ, ეს რეალობა შეცვალონ. ამ ყველაფერში ჩართულია თორნიკე რიჟვაძის მამა.

დავით რიჟვაძე ძალოვანი სტრუქტურების ერთ-ერთი მაღალჩინოსანია. იგი საკრებულოს იმ წევრებთან, რომლებიც „ნაციონალური მოძრაობის“ პარტიული სიით გახდნენ საკრებულოს წევრები, ახორციელებს სხვადასხვა ტიპის მუქარას და მოსყიდვის მცდელობას. მინდა, გავაფრთხილო თორნიკე რიჟვაძე და მისი მამა, შეეშვან ამ ყველაფერს. მათ აუცილებლად მოუწევთ სამართლებრივი პასუხისგება და ეს დრო არც ისე შორსაა. არსებობენ ადამიანები, რომლებსაც ვერ მოისყიდიან“, – აცხადებს გიორგი კირთაძე.

კირთაძე მოუწოდებს „ლელოსა“ და პარტიის „საქართველოსთვის“ წარმომადგენლებს, დროულად დაიწყონ მოლაპარაკებები და სწრაფად ჩამოყალიბდეს მყარი უმრავლესობა ბათუმის საკრებულოში.