„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება
„ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს სხდომა გაიმართება

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომა დღეს გაიმართება.

პოლიტსაბჭოს სხდომამდე, გუშინ საღამოს საპარლამენტო უმრავლესობის შეხვედრა გაიმართა „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში.

როგორც ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, მამუკა მდინარაძემ შეხვედრის შემდეგ განაცხადა, პოლიტსაბჭოს დაკომპლექტების შესახებ კონკრეტულ საკითხებზე არ უსაუბრიათ, თუმცა დაადასტურა, რომ პოლიტსაბჭოს გადახალისება მოხდება. მისივე თქმით, შემცირდება თუ არა პოლიტსაბჭოს შემადგენლობა დღევანდელი შეხვედრის შემდეგ გახდება ცნობილი.

დეპუტატების ინფორმაციით, „ქართული ოცნების“ ოფისში გუშინ გამართულ შეხვედრას ბიძინა ივანიშვილიც ესწრებოდა. მათივე თქმით, შეხვედრაზე საუბარი იყო პარტიის განვითარებაზე, სამომავლო გეგმებსა და გამოწვევებზე. საუბარი შეეხო პარტია „ქართული ოცნების“ ყრილობის ჩატარების საკითხსაც.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ, ასევე, არჩეულ იქნება პარტიის ახალი პოლიტსაბჭო.