„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა
„ქართული ოცნების“ ოფისთან აქცია გაიმართა

„ქართული ოცნების“ ოფისთან მოძრაობა „სირცხვილიას“ აქტივისტებმა აქცია-პერფორმანსი გამართეს.

აქციის მონაწილეებმა პარტიის ოფისთან ყვავილების გვირგვინი მიიტანეს წარწერით „გაუქმებულია გაუქმებულია“. აქციის მონაწილეთა თქმით, ამ ფორმით ისინი „ფეისბუქის“ მიერ ყალბი ანგარიშების აღმოჩენასა და წაშლას ეხმაურებიან.

„რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის უკან დგას „ქართული ოცნება“ და ბიძინა ივანიშვილი. გვერდების შექმნასა და მათ მართვაში არის ძალიან დიდი ფული დახარჯული და ამას უბრალო აქტივისტები ვერ გააკეთებდნენ. ეს არის ცნობილი რუსული პრაქტიკა, რომლითაც პუტინი მართავს ქვეყანას და ბიძინა ივანიშვილმა სხვა ყველა პრაქტიკასთან ერთად ესეც გადმოიტანა საქართველოში“, – განაცხადა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ თამთა გოგოლაძემ.

სოციალურმა ქსელმა, „ფეისბუქმა“ საკუთარი პლატფორმიდან და „ინსტრაგრამიდან“ საქართველოში შექმნილი 418 არაავთენტური ანგარიში წაშალა. „ფეისბუქის“ ინფორმაციით, საუბარია ყალბ ანგარიშებზე, ჯგუფებსა და გვერდებზე, რომლის უკან მდგომი პირებიც ერთმანეთთან კოორდინაციით ქმნიდნენ ქსელს და ცდილობდნენ, შეცდომაში შეეყვანათ ადგილობრივი აუდიტორია, მათი ვინაობისა და საქმიანობის შესახებ.