„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს
„ქართული ოცნების“ ოფისში პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს

„ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პარტიის პოლიტსაბჭოს სხდომა მიმდინარეობს.

არსებული ინფორმაციით, სხდომას ესწრებიან „ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველოს“ თავმჯდომარე, პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი; აღამასრულებელი მდივანი, პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე; პარტიის გენერალური მდივანი, თბილისის მერი კახა კალაძე,  „ქართული ოცნების“ დამფუძნებელი, ყოფილი პრემიერი ბიძინა ივანიშვილი.

როგორც შეხვედრის დაწყებამდე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა არჩილ თალაკვაძემ განაცხადა, შეხვედრაზე პოლიტსაბჭოს განახლების საკითხზე იმსჯელებენ.

მისი თქმით, პარტიის ლიდერები, რომლებიც პოლიტსაბჭოს შემადგენლობაში არიან, მის წევრებად დარჩებიან, თუმცა საბჭოს ახალი წევრებიც ეყოლება. სწორედ დღეს იქნება მსჯელობა კანდიდატურებთან დაკავშირებით, რომლებიც პოლიტსაბჭოში შევლენ.

თალაკვაძის განცხადებით, პოლიტსაბჭოს ახალ შემადგენლობას პარტიის ყრილობაზე წარადგენენ და დაამტკიცებენ.

პარტია „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ რიგით მეხუთე ყრილობა 11 მაისს გაიმართება.

ყრილობაზე პარტიის თავმჯდომარედ ბიძინა ივანიშვილს აირჩევენ.