„ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება
„ქართული ოცნების“ ოფისში ხვალ პოლიტიკური საბჭოსა და უმრავლესობის სხდომები გაიმართება

ხვალ 09:00 საათზე პოლიტიკური გაერთიანება „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ ცენტრალურ ოფისში პოლიტიკური საბჭოს სხდომა გაიმართება.

„ქართული ოცნების“ პრესსამსახურის ინფორმაციით, სხდომას პარტიის თავმჯდომარე ბიძინა ივანიშვილი უხელმძღვანელებს. პოლიტსაბჭოს დასრულების შემდეგ კი უმრავლესობის სხდომა გაიმართება.

სხდომაზე პრემიერ-მინისტრის ახალ კანდიდატურასა და სამთავრობო ცვლილებებზე იმსჯელებენ.

მამუკა ბახტაძემ დღეს განცხადება გაავრცელა, რომ პრემიერის თანამდებობას ტოვებს.  როგორც ბახტაძემ აღნიშნა, მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მისია შეასრულა.

„ჩემთვის იყო დიდი პატივი და, ამავდროულად, დიდი პასუსიხსმგებლობა, მემსახურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის რანგში ჩვენი ქვეყნის ინტერესების დასაცავად. მე ვიყავი და ვიქნები „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და ჩვენი ქვეყნის ერთგული ჯარისკაცი. მსურს, მადლობა გადავუხადო ჩემს წინამორბედებს და წარმატება ვუსურვო მომავალ პრემიერ-მინისტრს“, – აღნიშნავს ბახტაძე.

ამასთან, საქართველოს მთავრობის განახლებულ შემადგენლობას პარლამენტის მხრიდან ნდობის გამოცხადება დასჭირდება. კონსტიტუციის გათვალისწინებით, პარლამენტი მთავრობის უფლებამოსილების მოხსნიდან, პრემიერ-მინისტრის გადადგომიდან ან უფლებამოსილების სხვაგვარად შეწყვეტიდან ორი კვირის ვადაში, ნდობას უცხადებს პარლამენტის არჩევნებში საუკეთესო შედეგის მქონე პარტიის მიერ დასახელებულ პრემიერ-მინისტრობის კანდიდატსა და მის მიერ წარდგენილ მთავრობას.