პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ითხოვს, პოლიციამ „ქართული მარშის“ აქციის მონაწილე დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აუკრძალოს
პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ითხოვს, პოლიციამ „ქართული მარშის“ აქციის მონაწილე დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აუკრძალოს

„ქართული მარშის“ აქციის მონაწილე დავით ნემსაძის მიერ პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის საქმეზე პოლიციამ პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი გამოკითხა.

ლიკა ალელიშვილი ითხოვს, პოლიციამ დავით ნემსაძეს მასთან მიახლოება აუკრძალოს.

„რამდენიმე თვეა, რაც დავით ნემსაძის მხრიდან ჩემი მისამართით წარმოუდგენელი ბრალდებები ისმის. უნდა, რომ პროვოკაციაზე წამომაგოს, თუმცა ვინარჩუნებ სიმშვიდეს. ერთხელ უკვე მივმართე შინაგან საქმეთა სამინისტროს, ახლაც ვიყავი, კიდევ ერთხელ ჩვენება მივეცი, რადგან გუშინ მან უკვე ჩემს საქმიანობას შეუშალა ხელი, როდესაც ჩართვა მქონდა პირდაპირ ეთერში. ცდილობდა, ჩემი ხმა გადაეფარა და ჩემი საქმიანობისთვის ხელი შეეშალა. ამის შემდეგ, კიდევ ერთ პირდაპირ ეთერში შემოვარდა და ჩემი ლანძღვა დაიწყო. იქვე იმყოფებოდნენ პოლიციელები, საპატრულო პოლიციის თანამშრომლები. ჩვენ ეს ყველაფერი გადაღებული გვაქვს, რაც სავარაუდოდ დაერთვება საქმის მასალებს. გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც ჟურნალისტისთვის საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს. ეს ითვალისწინებს მხოლოდ ჯარიმას, ან საზოგადოებისთვის სასარგებლო შრომას. ასევე დამატებით მოვითხოვე, რომ დავით ნემსაძეს ჩემთან მოახლოება აეკრძალოს“, – განაცხადა პირველი არხის ჟურნალისტმა ლიკა ალელიშვილმა.

„ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ნემსაძემ პირველი არხის ჟურნალისტს, ლიკა ალელიშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა. ნემსაძემ აქციის გასაშუქებლად რუსთაველის გამზირზე მყოფ ლიკა ალელიშვილს პირდაპირი ჩართვისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარის შემცველი ტექსტებით მიმართა. იგივე გაგრძელდა პირველი არხის ფეისბუქლაივის დროსაც.