„ქართული მარშის“ აქციის მონაწილე დავით ნემსაძის მიერ პირველი არხის ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

„ქართული მარშის“ აქციის ერთ-ერთმა მონაწილის, დავით ნემსაძის მიერ პირველი არხის ჟურნალისტის, ლიკა ალელიშვილისთვის ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელის შეშლის ფაქტზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება დაიწყო. ამის შესახებ პირველ არხს შსს-ს პრესსამსახურში განუცხადეს.

„გამოძიება 154-ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლას გულისხმობს“, – განუცხადეს პირველ არხს შსს-ში.

ამასთან, პირველი არხის ჟურნალისტი ლიკა ალელიშვილი ხვალ პოლიციის განყოფილებაში გამოკითხვაზეა დაბარებული.

შეგახსენებთ, „ქართული მარშის“ მიერ ორგანიზებული აქციის დაწყებამდე, აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ, დავით ნემსაძემ პირველი არხის ჟურნალისტს, ლიკა ალელიშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა. ნემსაძემ აქციის გასაშუქებლად რუსთაველის გამზირზე მყოფ ლიკა ალელიშვილს პირდაპირი ჩართვისას სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა და მუქარის შემცველი ტექსტებით მიმართა. იგივე გაგრძელდა პირველი არხის ფეისბუქლაივის დროსაც.