ქართული ღვინის ბრენდ Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება
ქართული ღვინის ბრენდ Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ქართული ღვინის ბრენდ Lost Eden-ის პროდუქცია აშშ-ის ოთხ შტატში გაიყიდება.

ამერიკის უმსხვილესი სადისტრიბუციო კომპანია Southern Glazer’s Wine & Spirits საქართველოდან Lost Eden-ის წითელი ღვინის სახეობებს დელავერში, ფლორიდაში, პენსილვანიასა და ნიუ-ჰემფშირში წარადგენს.

„ბრენდი Lost Eden შექმნილია გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ასევე საქართველოს „საპარტნიორო ფონდთან“ თანამშრომლობით, და მუშაობს ექსკლუზიურად ამერიკის შეერთებული შტატების ბაზრისთვის. პროექტის მიზანია, ქართული ღვინის ბაზრების დივერსიფიკაცია, რათა ქართული ღვინის ექსპორტი არ იყოს დამოკიდებული ერთ რომელიღაც ბაზარზე, რაც დარგის განვითარების უმთავრესი წინაპირობაა. აღსანიშნავია ასევე, რომ აღნიშნული ბრენდისთვის მსოფლიოს უმსხვილეს, ონლაინ ღვინით ვაჭრობის პლატფორმა wine.com-ზე შეიქმნა კატეგორია Country of Georgia. ქართული ღვინის კატეგორია ამ დრომდე აღნიშნულ პლატფორმაზე არ არსებობდა. ქართული კომპანია ამერიკის ათობით ციფრული მედიის ყურადღების ქვეშ მოექცა. მათ შორის აღსანიშნავია: https://finance.yahoo.com, https://www.businesswire.com და სხვა“, – აცხადებენ ღვინის ეროვნულ სააგენტოში.

Lost Eden-ის მიერ ამერიკის შეერთებულ შტატებში უკვე 20 ათასამდე ბოთლი ღვინოა რეალიზებული.

ღვინის ეროვნული სააგენტოს ცნობით, ამერიკის შეერთებული შტატები ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზარს წარმოადგენს, სადაც ბოლო ხუთი წელია, ექსპორტი სტაბილურად მზარდია. მიმდინარე წლის 10 თვეში, საქართველოდან აშშ-ში ექსპორტირებულია 804 ათასი ბოთლი ღვინო, რაც 33%-ით აღემატება გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელს.