ეკატერინე გუნცაძე – Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საერთაშორისო რეზერვების ზრდამ და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადმა ტენდენციამ
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტოს, Fitch Ratings-ის მიერ საქართველოს სუვერენული რეიტინგის პერსპექტივის ცვლილება განაპირობა საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესებამ, როგორებიცაა საერთაშორისო რეზერვების ზრდა და მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის კლებადი ტენდენცია, — აღნიშნა ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, ეკატერინე გუნცაძემ.
მისი თქმით, ანგარიშში აღნიშნულია ქვეყნის ეკონომიკური და ფისკალური პოლიტიკის მდგრადობა არსებული გეოპოლიტიკური გამოწვევებისა და მაღალი ენერგოფასების ფონზე.
„საქართველო კვლავ ინარჩუნებს ეკონომიკური ზრდის მაღალ მაჩვენებლებს. ანგარიშის პროგნოზების თანახმად, მოსალოდნელია, რომ საშუალოვადიან პერიოდში საქართველო, ამავე რეიტინგის მქონე ქვეყნებთან შედარებით, მაღალ ეკონომიკურ ზრდას შეინარჩუნებს, რაც 2023-2025 წლებში 8%-ს აღემატებოდა. ასევე, ანგარიშში ხაზგასმულია დაბალი ფისკალური მაჩვენებლები, როგორებიცაა დეფიციტი და ვალის მაჩვენებელი, მათ შორის, ის ფაქტორი, რომ საგარეო ვალი, ძირითადად, შედგება საინვესტიციო პროექტებისთვის საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებიდან აღებული კონსესიური სესხებისგან. ხაზგასმულია მონეტარული პოლიტიკის და საბანკო სექტორის მდგრადობა, აღნიშნულია საგარეო სექტორის პარამეტრების გაუმჯობესება, როგორებიცაა მიმდინარე ანგარიშის დეფიციტი და რეზერვები, რაც მნიშვნელოვანი ფაქტორი იქნება საქართველოს საკრედიტო რეიტინგის შემდგომი გაუმჯობესებისათვის“, — თქვა ეკატერინე გუნცაძემ.
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტომ, Fitch Ratings-მა საქართველოს სუვერენული რეიტინგი შეაფასა და, სხვადასხვა ფაქტორის გათვალისწინებით, პერსპექტივა სტაბილურიდან პოზიტიურით შეცვალა, ხოლო რეიტინგი კვლავ უცვლელად, BB დონეზე დატოვა.