უნგრეთის ქალაქ გიორში მიმდინარე 23-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალურ ეტაპზე ორი ქართველი ასპარეზობდა.
თამაზ კირაკოზაშვილი (81 კგ.) ფინალში გადასასვლელ დაპირისპირებაში ნედერლანდელ ჯიმ ჰეიზმანს შეხვდა და მეტოქეს დაძაბულ ბრძოლაში სძლია. ძირითად დროში ვერც ერთმა სპორტსმენმა ვერ მოახერხა ქულის მოპოვება. დამატებითი დროის დაწყებიდან ორ წუთზე მეტი იყო გასული, როდესაც კირაკოზაშვილმა მაყურებელს შესანიშნავი ილეთი შესთავაზა და მეტოქე იპონით დაამარცხა.
ამავე წონაში გამოდის ვლადიმერ ახალკაციც, რომელმაც ნახევარფინალურ შეხვედრაში სტუარტ მაკვატი დაამარცხა. ახალკაცმა ილეთი ბრძოლის დაწყებიდან წუთნახევარში შეასრულა, შემდეგ კი თავი კარგად დაიცვა და დაპირისპირება ძირითად დროში მოიგო.
შესაბამისად, 23 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის ფინალში ერთმანეთს ორი ქართველი ძიუდოისტი დაუპირისპირდება.