ქალთა წლის შემაჯამებელი კორი გაუფმა მოიგო #1TVSPORT
ქალთა წლის შემაჯამებელი კორი გაუფმა მოიგო #1TVSPORT

ქალთა პროფესიულ ტურში სეზონი დასრულდა. წლის შემაჯამებელ ტურნირზე, რომელიც საუდის არაბეთის ქალაქ ერ-რიადში გაიმართა, გადამწყვეტ მატჩში ამერიკელმა კორი გაუფმა პარიზის ოლიმპიური ჩემპიონი კინვენ ჟენგი დაამარცხა სამ სეტში – 3:6, 6:4, 7:6 (2).

ფინალი სამი საათი და შვიდი წუთი გაგრძელდა და ჟენგი ახლოს იყო მოგებასთან. მესამე სეტში ჩინელი 5:4-ზე მატჩზე აწვდიდა, მაგრამ ინერვიულა და მატჩბოლამდეც ვერ მივიდა. მე-12 გეიმში კი უკვე გაუფს ჰქონდა მიღებაზე ორმაგი მატჩბოლი, მაგრამ ვერც მან გამოიყენა შანსი, თუმცა ტაიბრეიკზე 6:0 დაწინაურდა და ტიტულამდე მივიდა.

გაუფის გამარჯვება სრულიად დამსახურებული იყო, რადგან ტურნირის მსვლელობისას მან ქალთა ტურის ორივე ლიდერი დაამარცხა – პოლონელი იგა შვიოტეკი და ბელარუსი არინა საბალენკა, რომელმაც 2024 წელი მსოფლიოს პირველი ჩოგნის რანგში დაასრულა.

გაუფმა კარიერაში მე-10 ფინალიდან მეცხრე მოიგო და პირველად გახდა WTA-ს წლის შემაჯამებელი ტურნირის ჩემპიონი. ამ მოგებისთვის მან 4 805 000 დოლარი გამოიმუშავა, რაც რეკორდია ცალკე აღებული ტურნირისთვის არა მხოლოდ ქალების, არამედ კაცების ტურშიც. ამერიკელი მსოფლიოს მესამე ჩოგანი გახდება, ჟენგი კი კარიერაში პირველად აიწევს მეხუთე პოზიციაზე.