ქალთა ნაკრები | ნათია დანელია - კვიპროსთან მოგებებმა თავდაჯერება შეგვმატა, ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა #1TVSPORT
საქართველოს ქალთა ეროვნული ნაკრები ბელარუსთან და ლიეტუვასთან გასამართი ევროპის ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის მზადებას განაგრძობს. გუნდმა „დავით პეტრიაშვილი არენაზე“ ივარჯიშა, მოახლოებული მატჩებისთვის მზადების შესახებ კი ეროვნული გუნდის ფეხბურთელებმა, ნათია დანელიამ და სოფიკო ნარსიამ ისაუბრეს.
ნათია დანელია: „საკვალიფიკაციო ეტაპის ყველაზე მნიშვნელოვანი მატჩები გველის. გუნდში საუკეთესო განწყობაა. ჩვენი მიზანი ჯგუფიდან გასვლაა და ამისთვის ყველაფერს ვაკეთებთ, როგორც ფეხბურთელები, ისევე სტაფის თითოეული წევრი. იმედია, დასახულ მიზანს ერთად მივაღწევთ. კვიპროსთან ორივე მატჩის მოგებამ თავდაჯერება შეგვმატა. ძალიან მნიშვნელოვანი იყო ექვსი ქულა, რათა მომავალზე გვეფიქრა. გვჯერა საკუთარი შესაძლებლობების და სწორედ ამიტომ ვფიქრობთ ასეთ დიდ შედეგზე, ჯგუფიდან გასვლაზე“.
სოფიკო ნარსია: „გუნდში ძალიან კარგი, საბრძოლო განწყობაა. ვემზადებით მომდევნო მატჩებისთვის. ვეცდებით, რომ წარმატებით დავასრულოთ ეს ეტაპი და გავიდეთ ჯგუფიდან. მნიშვნელოვანი იყო კვიპროსთან ორივე მატჩის მოგება, რამაც დადებითად იმოქმედა ჩვენს განწყობაზე. ვეცდებით, წარმატებული სერია გავაგრძელოთ და კიდევ ერთხელ გავახაროთ გულშემატკივრები“.
საქართველოს ეროვნული ნაკრები ბელარუსს თბილისში 12 ივლისს უმასპინძლებს. მატჩი „მიხეილ მესხი 2“-ზე, 20:00 საათზე გაიმართება – გულშემატკივართა დასწრება თავისუფალია. 16 ივლისს, ჩვენი გუნდი ლიეტუვას ქალაქ დრუსკინინკაიში ესტუმრება. შეხვედრა თბილისის დროით 21:00 საათზე დაიწყება.