ქალთა ლიგა - „ნიკემ“ კონკურენტი დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერია
ქალთა ლიგა - „ნიკემ“ კონკურენტი დაამარცხა და ერთპიროვნული ლიდერია

საქართველოს ქალ ფეხბურთელთა ლიგაში მერვე ტური დასრულდა. ცენტრალური შეხვედრა თბილისში, სფფ-ს ტექნიკურ ცენტრ ბასაზე შედგა – „ნიკე“ „ლანჩხუთს“ დაუპირისპირდა და დაამარცხა.

„ნიკეც“ და „ლანჩხუთიც“ დანაკარგის გარეშე ასპარეზობდნენ და შვიდი ტურის შემდეგ, ქულათა მაქსიმალური რაოდენობა, 21-21 ქულა ჰქონდათ დაგროვებული. თუმცა, გოლების შეფარდებით, ცხრილის სათავეში „ნიკე“ იმყოფებოდა.

ამ მატჩის დაძაბულობასა და მნიშვნელობაზე მეტყველებს ისიც, რომ შეხვედრაში, ქალთა ფეხბურთისთვის უჩვეულოდ ცოტა, მხოლოდ ერთი გოლი გავიდა. ეს ერთადერთი ზუსტი დარტყმა შეხვედრის დასრულებამდე ორი წუთით ადრე, ნინო სუთიძემ შეასრულა, რომლის ანგარიშზე უკვე 16 გოლია. „ნიკემ“ პრინციპული შეხვედრა 1:0 მოიგო და გათამაშების ერთპიროვნული ლიდერი გახდა 24 ქულით.

ქალთა ლიგა. მერვე ტურის შედეგები

ქსკ გორი იუნაიტედი – ქსკ დინამო ბათუმი 4-1

ქსკ ივერია – ქსკ ნორჩი დინამო 2-7

ქსკ ზარზმა – ქსკ მართვე 1-2

ქსკ სამეგრელო – ქსკ კოლხეთი 3-0

ქსკ ნიკე – ქსკ ლანჩხუთი 1-0

ქალთა ლიგის გათამაშების პირველი წრის ბოლო, მეცხრე ტური 7 ივნისს გაიმართება.