ქაბულში ტერაქტის შედეგად სულ მცირე 29 ადამიანი დაიღუპა.
ავღანური მედიის ცნობით, დანაღმული ავტომობილი სამთავრობო შენობასთან ახლოს აფეთქდა. ამის შემდეგ ერთ-ერთ შენობაში შეჭრას შეიარაღებული პირები შეეცადენენ. მათ ცეცხლი გაუხსნეს მოქალაქეებს და ახლომდებარე შენობების მიმართულებითაც ისროდნენ.
ტერორისტების ლიკვიდაცია სამართალდამცველებმა რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შედეგად მოახერხეს. ამ დროს შენობაში ასობით ადამიანი იმყოფებოდა.
მოგვიანებით უსაფრთხოების ძალებმა შენობიდან 300-ზე მეტი ადამიანი გაიყვანეს.
თავდასხმაზე პასუხისმგებლობა ჯერ არც ერთ დაჯგუფებას არ აუღია. აღსანიშნავია, რომ ავღანეთის დედაქალაქში 2018 წელს უსაფრთხოების მხრივ სიტუაცია გაუარესდა. მხოლოდ წელს ქაბულში 22 მასშტაბური ტერაქტი მოაწყვეს, რომელთაც 500-ზე მეტი ადამიანი ემსხვერპლა.