ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა
ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა

ქაბულიდან დოჰაში 170 ადამიანის ევაკუაცია განხორციელდა, მათ შორის ევროპის ქვეყნებისა და აშშ-ის მოქალაქეები არიან.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ყატარის ხელისუფლებაზე დაყრდნობით იუწყება, ეს არის მესამე ჩარტერული რეისი, რომელიც ავღანეთიდან დოჰაში სრულდება მას შემდეგ, რაც აგვისტოს ბოლოს აშშ-ის სამხედროებმა ქვეყანა დატოვეს.

ბორტზე მყოფ 170 პირს შორის იმყოფებიან აშშ-ის, ბელგიის, ბრიტანეთის, ხორვატიის, გერმანიის, ნიდერლანდებისა და იტალიის მოქალაქეები, ასევე ავღანელები. მათი ქაბულის აეროპორტში გადაყვანა ყატარის ავტოკოლონით განხორციელდა. ყატარის ხელისუფლებამ ავღანეთის ახალ მმართველებთან – თალიბებთან მიაღწია შეთანხმებას, მგზავრების უსაფრთხო გადაყვანის უზრუნველსაყოფად.